ისრაელში დღეს "როშ ჰაშანას", ანუ ახალი წლის მეორე დღეა. მეორე დღე გათენდა ირანის თავდასხმიდანაც, რომელსაც პასუხს ქვეყანა სავარაუდოდ დღესასწაულების შემდეგ გასცემს. დედაქალაქში "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიმშვიდე დახვდა, თუმცა მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ომი მათთვის დიდი ხანია ყოველდღიურობად იქცა.
"ვიცით რა და როგორ ამოვიღოთ სამიზნეში" - ასე იმუქრება ისრაელი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ თუ მოინდომა ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილს მისწვდება. ახლა მას ირანის გარდა, ლიბანთან, იემენთან და სირიასთან უწევს ანგარიშის გასწორება. თუმცა ისრაელს სჯერა, რომ რეგიონში მთავარი პრობლემა თეირანია, სადაც დღეს "ჰეზბოლას" მოკლული ლიდერი იგლოვეს.
რთული ვითარებაა ლიბანში, სადაც დღეს ისრაელმა ინტენსიური სარაკეტო იერიში განახორციელა. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში კი ლიკვიდირებულია 15 ტერორისტი. მანამდე კი ბეირუთის ცენტში განხორციელებულ დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 14. ბოლო 24 საათში დაიღუპა 28 მედიკოსი. ლიბანელების დიდი ნაწილი ეტაპობრივად ტოვებს ქვეყანას, რადგან თვლიან, რომ ომი მალე არ დამთავრდება.
განახლებულ კონფლიქტში რეგიონის სხვა ქვეყნის აქტივობებიც იკითხება. ასეთია სირიაც, სადაც ცახალმა დღეს რამდენიმე ობიექტს დაარტყა - დამასკოში არის მსხვერპლი. იემენელი ჰუსიტები კი ამტკიცებენ, რომ ისრაელზე დარტყმა წარმატებული იყო, რაც არ დასტურდება. რეგიონის ქვეყნებში ნაწილობრივ სამშვიდობო, ნაწილობრივ საომარი განწყობაა.
ღაზაში ბოლო პერიოდში ისრაელმა "ჰამასის" 3 მაღალჩინოსანი მოკლა - თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ანკლავში მშვიდობიანი მსხვერპლის რიცხვი დღითიდღე იზრდება. ღაზას გამო ისრაელი არაერთხელ გააკრიტიკა გაეროს გენ-მდივანმა, რომელიც გუშინ, თელ-ავივმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამ ფაქტს არ მიესალმა აშშ, ისევე როგორც ისრაელის შესაძლო გეგმას, დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს. თუმცა ირანის წინააღმდეგ პროპორციულ პასუხში ისრაელს დასავლეთის მხარდაჭერა აქვს.
ისრაელმა ლიბანის საზღვართან დღეს დამატებით 25 რაკეტა მიიღო, მსხვერპლი არაა. თავად ლიბანს კი უკვე ტოვებენ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც მთავრობებმა თვითმფრინავები გამოუგზავნეს. რეგიონის მასშტაბით გაუქმებულია ავია ფრენების ნაწილიც.