21 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ილაპარაკონ, კომპრომისზე წავიდნენ, მაგრამ ვსწავლობთ, მთავარი საფიქრალია ვაჩვენოთ ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია მოლაპარაკებები - ხათუნა სამნიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, შესაძლოა არჩევნების შემდეგ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს გაუჭირდეს კოლეგებთან მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა ვითარება წარიმართება იმის მიხედვით, თუ რომელ პოლიტიკურ ცენტრს დაუჭერს მხარს ამომრჩეველი და ვის რამდენ მანდატს მიანიჭებს. სამნიძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ვის რა წონა ექნება პარლამენტში. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამის შესახებ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიციონერმა პარტიებმა მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ მათ მოლაპარაკება და გაერთიანება შეუძლიათ.

"ხალხის არჩევანია ევროპა და არა რომელიმე ხელისუფლების და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ჩვენი ევროპული პარტნიორები დგანან ამ ქვეყნის გვერდით. ქარტიას ჰქვია "ქართული ქარტია" და ხელმომწერები არიან ოპოზიციური დემოკრატიული პარტიები, რომლებიც შეთანხმდნენ და ჩვენი კოალიცია ხელმოწერის განსაკუთრებით ერთგულია.

"ქართული ქარტია" არის გზამკვლევი. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქე გადაწყვეტს ვინ იყოს პარლამენტში, რამდენი მანდატით, რომელ კოალიციას რა წონა ექნება, ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები. ჩვენ არ გვაქვს იმის გამოცდილება და ფუფუნება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ილაპარაკონ, კომპრომისზე წავიდნენ, მაგრამ ამას ვსწავლობთ. ჩვენი პოლიტიკური ცენტრების შექმნა არის ამის დასტური, რაც გვითხრა ამომრჩეველმა - გამსხვილდით, ჩვენ ეს გავაკეთეთ.

შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს გაუჭირდეს მოლაპარაკების შესრულება, მაგრამ ჩვენ იძულებული გავხდებით. საქართველოს მოქალაქე გადაწყვეტს პარლამენტში უმრავლესობაში იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ოთხ პოლიტიკურ ცენტრად არიან შექმნილნი. ამის შემდეგ მთავარი საფიქრალი აქვს "ქართულ ოცნებას" - როგორ გადააბარებს ის ხელისუფლებას და როგორ მოიქცევა 27 ოქტომბერს.

ჩვენ არ გვაქვს საფიქრალი, ჩვენი მთავარი საფიქრალია ვაჩვენოთ ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია მოლაპარაკებები, კოალიციური მთავრობის ფორმირება, პრეზიდენტთან ერთად შეთანხმება და ისეთი მთავრობის შემადგენლობის შეთავაზება, რომელიც ასახავს მათ ნებას იმიტომ, რომ მათი ნებით გამოჩნდება ვის რა წონა აქვს პარლამენტში", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები