21 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში, ათჯერ გაზრდილი ფასები და 300 ლარის ნაცვლად გადახდილი 3 900 ლარი - ფულის გამოძალვის ძალადობრივი სქემა

შარდენზე, ერთ-ერთ ღამის კლუბში გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სტუმარს თითქმის ათჯერ გაზრდილი თანხის გადახდას აიძულებდნენ. მამაკაცი მომსახურე პერსონალის დარწმუნებას ცდილობდა, რომ მას დასახელებული ალკოჰოლური სასმელები არ შეუკვეთავს.

თაღლითობის და გამოძალვის ამსახველი ფარული ჩანაწერები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. კადრებში ძირითადად კლიენტებზე მუქარის ფაქტები ჩანს. თუ სტუმარი შეუსაბამო თანხის გადახდაზე უარს იტყოდა, მომსახურე პერსონალი მასზე უკვე ფსიქოლოგიურად და ხშირად ფიზიკურადაც ძალადობდა.

თაღლითური სქემა, კაფე-ბარების მენეჯერებს და მომსახურე პერსონალს წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. გამოძალვის მეთოდები გათვლილი იყო ძირითადად უცხოელ სტუმრებზე. გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეები კლიენტებს შეკვეთილი პროდუქციის ფასს მინიმუმ ათჯერ უზრდიდნენ, ანგარიშის ქვითარში შეუსაბამო ციფრებს წერდნენ და აიძულებდნენ ეს თანხა ადგილზე გადაეხადათ. საქმის მასალებში დევს ფარული სატელეფონო საუბრებიც. ჩანაწერების მიხედვით, თანამშრომლები, თაღლითობის მსხვერპლს წინასწარ არჩევდნენ.

ყველა, ვინც ამ ფარულ ჩანაწერებშია და თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა, გამოძიების ინფორმაციით, უკვე დაკავებულია. სულ 15 პირი, მათ შორის კაფე-ბარების მენეჯერები და მომსახურე პერსონალია. ბრალდებულებს შორის არიან ქალებიც. სპეცოპერაცია, სამართალდამცველებმა, შარდენზე, ბამბის რიგზე და მიმდებარე ქუჩებზე ჩაატარეს.

თაღლითური სქემა, გამოძიების ინფორმაციით, 5 კაფე-ბარში მოქმედებდა, თუმცა არ არის გამორიცხული, სამართალდამცველები სხვა ობიექტების მუშაობითაც დაინტერესდნენ. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

5-ვე ობიექტი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, დღეს დალუქულია. სამართალდამცველებმა ჩაატარეს ჩხრეკა. გამოძიების ინფორმაციით, ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები - მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

თაღლითობის და გამოძალვის ფაქტებზე დაკავებულები, ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. ინტერესების დამცველების ინფორმაციით, ნაწილი მათგანი, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

თაღლითობის შესახებ კარგად იციან შარდენზე და ბამბის რიგში მდებარე სხვა გასართობ ობიექტებშიც. "კურიერს" დაუდასტურეს, რომ დანაშაულებრივ სქემას და გამოძალვის ამ მეთოდს, არაერთ კლუბში და ბარში იყენებდნენ.

კანონით დადგენილ ვადებში, დაკავებულების მიმართ აკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. წარდგენილი ბრალი 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები