21 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
12 წელი ხელისუფლებაში, 12 წელი უწყვეტი მშვიდობა, 12 წელი ბეწვის ხიდი და არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის სამ ვადას აჯამებს

დღე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას გამოხატავს - ასე იწყება ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან 12 წელს უკავშირდება. მმართველი პარტიის დამფუძნებელი წერს, რომ 12 წლის წინ, 29 სექტემბერს, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა, თავისუფლების გამზირზე შეკრებით, იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გაბატონებული შიში დაძლია და, ორ დღეში, მისი მეთაურობით, ხელისუფლების შეცვლა შეძლო.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე 12-წლიან პერიოდს ბეწვის ხიდზე სიარულს ადარებს, რომელმაც მმართველ გუნდს უწყვეტი მშვიდობისა და ეკონომიკური პროგრესის საშუალება მისცა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისა და ანტიდემოკრატიული პროცესების დასრულებაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის როლზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის სპიკერმა. შალვა პაპუაშვილი "ოცნების" ხელისუფლების მთავარ მონაპოვრად თავისუფალ გარემოს, ყოველწლიურად მზარდ ეკონომიკურ პარამეტრებსა და უწყვეტ მშვიდობას ასახელებს.

პირველი ოქტომბრის მნიშვნელობას სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებულად ხედავენ ოპოზიციურ პარტიებში და "ოცნების" მმართველობას ნეგატიურად აფასებენ.

ოპონენტების კრიტიკას სპეკულაციურსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წლიდან დღემდე, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის განვითარება შეძლო. 

გადალახული საფრთხეების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის წერილში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზეცაა საუბარი. მმართველი პარტიის დამფუძნებლის აზრით, გარე ლობისტების ხელით ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა მუდმივ ტურბულენტობის რეჟიმში აცხოვროს. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპრეცედენტო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. წერს, რომ "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა მშვიდობას, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრას და სტაბილურობას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს.

2012 წლის პირველ ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დაამარცხა და, საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა.

 

დღის ამბები