22 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
კახა კალაძე სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - ერთხელ ხომ უკვე დაგვასანქცირეს თქვენი ინფორმაციით, ახლა მეორედ დავსანქცირდით?

"რომელი სანქციები, ერთხელ ხომ უკვე დაგვასანქცირეს თქვენი ინფორმაციით, მეორედ დავსანქცირდით? დღეს ვარ ისეთი ამაყი, როგორც არასდროს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, იცავს ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის, ისეთი პატარა, თუმცა ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გამოიყენოს და ჩააგდოს მსგავს მძიმე მდგომარეობაში, რაც უკრაინაშია“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებულ შეკითხვას.

კახა კალაძის თქმით, მთავარი ქვეყნის ინტერესია, ხოლო რაც შეეხება პოლიციას, მას აქციების ზოგიერთი მონაწილე თავს ქვებითა და "მოლოტოვის კოქტეილებით" ესხმოდა თავს.

"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ უკრაინიზაცია განხორციელდეს ქვეყანაში. საქართველოში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რაც არ უნდა დაგვემუქრონ, რაც არ უნდა სანქციები დაგვიწესონ. ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. რაც შეეხება შსს-ს თანამშრომლების სანქცირებას, როგორც ეს გაჟღერდა, ეს არის სწორედ ის სიმძიმე, რაც "ქართულ ოცნებას", საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ვერაფერს დააკლებს. ისევ და ისევ ისინი ზიანდებიან, ვინც ამ არასწორ ნაბიჯებს დგამს. ეს ადამიანები ყოველთვის იცავდნენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, რომ პოლიცია ვიღაცას მივარდა და გაუსწორდა. იყო ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლა, შეურაცხყოფა. აბა გაბედეთ ერთი, ჩადით ევროპაში ან ამერიკაში და პოლიციელს ესროლეთ ქვა ან "მოლოტოვის კოქტეილი", ნახეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით. თქვენ ჩაბრძანდით და საკუთარ თავზე გამოსცადეთ და პოლიციელს დაუპირისპირდით ისე, როგორც აქციების დროს ბევრი იქცეოდა. იქ იყო ბევრი ადამიანი და ისე მთავრდებოდა აქცია, თმის ღერი არ ჩამოვარდნია არცერთს, მაგრამ იყო წახალისებული ახალგაზრდები, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ვაშაძე აქეზებდა, ეს არის მძიმე, ისევე როგორც ის არის მძიმე, რომ გინდათ გმირად შერაცხოთ ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილს" ესვრის. ეს არის სამწუხარო რეალობა და ამიტომ აქვს საზოგადოებას რადიკალების დაჯგუფების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. 26 ოქტომბერს, მერწმუნეთ, საზოგადოების მხრიდან მიიღებთ შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები