22 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
დიდ პატივს ვცემთ პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენი გუნდი ამ შეხვედრაზე იქნება - ბექა ლილუაშვილი "ლელოსთან" და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით

ორბელიანების სასახლე ხაზარაძე-გახარიას შერიგების მოლოდინშია - შესრულდება თუ არა პრეზიდენტის სურვილი, წინასაარჩევნოდ მესამე ცენტრი შეიქმნას, დღეს 3 საათზე გადაწყდება. მედიატორის როლი სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, მხარეები კი შეხვედრის შეთავაზების მიღებას, სწორედ ზურაბიშვილის პატივისცემით ხსნიან, თუმცა განმარტავენ იმასაც, რომ პოზიცია ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ.

პრეზიდენტის შეთავაზებას აფასებენ ოპოზიციაში - გახარიას გუნდი აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

"ჩვენ, იცით, ძალიან დიდ პატივს ვცემთ პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს, ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვიქნებით წარმოდგენილი, ჩვენი გუნდი ამ შეხვედრაზე იქნება. ჩვენი პოზიცია "ლელოსთან" დაკავშირებით ბევრჯერ დაგვიფიქსირებია საჯაროდაც, ეს ყველასთვის ცნობილია. ჩვენ სიძლიერის პრობლემას არ ვუჩივით, ვნახოთ რა აქვს სალაპარაკო, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტსაც", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილოუაშვილი.

პარტია "ლელოში" კი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ ადასტურებენ.

"მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, მის ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში საჭიროა კოალიციურ პარტნიორებს შორის მოლაპარაკება, ასევე ორმხრივი მოლაპარაკებები და თუ შეთანხმება შედგა, ამ შემთხვევაში უკვე შეთანხმებული ტექსტით მისვლა პრეზიდენტთან. ამიტომაც, ვერ გიდასტურებთ ვიქნებით თუ არა წარმოდგენილი პრეზიდენტთან", - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო მდივანი, კოალიცია "ძლიერი საქართველო" ლანა გალდავა.

დღის ამბები