22 ნოემბერი 2024,   10:14
ვრცლად
ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს "ქართული ოცნება"... არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - შალვა პაპუაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია - "ქართული ოცნება" ოპონენტებს პოლიტიკური გზავნილის მიზანმიმართულად დამახინჯებაში ადანაშაულებს. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გულისხმობს შერიგებას, შერიგება კი ურთიერთპატიებას.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციის სახე, არამედ არასამთავრობო სექტორის. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

"ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს "ქართული ოცნება." ის, რაც მიატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები, "ქართულმა ოცნებამ" შემოატრიალა და ორივე საქმე მოიგო. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ დასჯილი უნდა იყოს ის, ვინც 2008 წელს ომის დანაშაული ჩაიდინა. სწორედ "ქართული ოცნების" ძალისხმევით, ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შს მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე.

არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს. შერიგება კი გულისხმობს სინანულს და ურთიერთპატიებას. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ერთიან საქართველოსკენ. გარკვეულწილად იყო სახის ჩვენება ოპოზიციის და რაც კიდევ უფრო სკანდალურია, არასამთავრობო სექტორის, რომ სინამდვილეში, მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა არც კი ესახებათ. სინამდვილეში, მათ არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, ეს გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის და ამ "ენჯეოების" ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები