04 დეკემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ვინ როგორ ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას და რამდენად რეალურია დაპირებები, რომლებსაც პარტიები გასცემენ - საარჩევნო პროგრამა ჯერ არავის წარუდგენია, თუმცა კონკრეტული დაპირებები მაინც ისმის

ვინ როგორ ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას და რამდენად რეალურია დაპირებები, რომლებსაც პარტიები გასცემენ - საარჩევნო პროგრამა, მართალია, ჯერ არავის წარუდგენია, თუმცა კონკრეტული დაპირებები მაინც ისმის, ზოგი - არარეალურიც კი. 1000-ლარიანი პენსიის შემდეგ, რომელსაც ამომრჩევლებს "ლელო" ჰპირდებოდა, განხილვის საგნად "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დაპირება იქცა.

14 მილიარდი ევროკავშირიდან - ყოფილი სახელისუფლებო პარტია პირობას დებს, რომ, ევროპულ კავშირთან მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლის შემდეგ, საქართველოსთვის 14 მილიარდის გრანტს მოიზიდავს.

არჩევნებამდე 41 დღით ადრე, საარჩევნო კამპანია სულ უფრო აქტიურდება. პოლიტიკური პარტიები ელექტორატს დაპირებებს აცნობენ. გამონაკლისი არც "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც საზოგადოებისთვის პროგრამა სრულად არ შეუთავაზებია, თუმცა 14 მილიარდი ევრო ერთ-ერთ მთავარ დაპირებად უკვე აქცია. პარტიის თავმჯდომარემ საკითხი, "ღამის კურიერის" ეთერში, არაერთხელ გააჟღერა. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ქვეყნის ბიუჯეტისთვის 14 მილიარდი ევროს მიღებას ნიშნავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეში "ღამის კურიერის" ეთერშივე დაადანაშაულა და ოპონენტებს მაგალითების დასახელებაც სთხოვა.

როგორ და რომელი ფონდიდან მიიღებს საქართველო 14 მილიარდ ევროს პარტიის საარჩევნო დაპირების მიხედვით - "რუსთავი 2-ის" ეთერში ნათქვამი თინა ბოკუჩავამ, რამდენიმე დღის შემდეგ, "კურიერი პიესთან" განმარტა და თქვა, რომ იგულისხმება "იპა" - გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტი. როგორ იქცევა დაპირება რეალობად - გარანტია და პრაქტიკა ჯერ არ არსებობს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩევლისგან სიტყვაზე ნდობას ითხოვს.

ევროკომისიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ ევროგაერთიანებამ, ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის, 2021 წელს 14-მილიარდიანი ფონდი შექმნა, რომელიც 2027 წლამდე შვიდი ბენეფიციარი ქვეყნის ეკონომიკურ სტიმულირებას უნდა მოხმარდეს. აპლიკანტ ქვეყნებს, რომელსაც ჯერ უკრაინა და მოლდოვაც არ დამატებია, შესაძლებლობა ექნებათ, საგრანტო პროექტებში წარმატების შემთხვევაში, გარკვეული თანხები მიიღონ. სწორედ ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" ამ დაპირებამ კრიტიკა კოლეგა ოპოზიციონერებისგანაც დაიმსახურა.

არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ ყველა პარტიას წინასაარჩევნო
დაპირებებს უწუნებს "გირჩი". იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციამ, საკუთარი სიტყვით, საკუთარი თავივე დააზიანა.

ოპონენტებს პოლიტიკურ პოპულიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციას საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, ამიტომ მხოლოდ ცრუ და ყალბ დაპირებებს გასცემს.

არჩევნებამდე 6 კვირაა რჩება; 6 კვირაზე ნაკლები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პროგრამები წარადგინონ, თუმცა დაპირებების სიიდან ზოგი რეალობად, ზოგი კი მითად იქცევა.

 

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები