პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის მკვლელის, ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება დღეს, 12 საათზე განხორციელდა.
აზერბაიჯანის მოქალაქე, 38 წლის ფარიდ გურბანოვი, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს. ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელის უვადო სასჯელის ათვლა ქართულ ციხეში დაიწყება.
2015 წლის 13 იანვარი - ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის მზადება იწყება - უკრაინიდან საქართველოში ყალბი პასპორტით ჩამოფრინდა ფარიდ გურბანოვი, მასთან ერთად რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი. ქილერი და მისი მარჯვენა ხელი ჯავახეთის ქუჩაზე, სასტუმროში რჩებიან. 2 დღეში კი, კონსპირაციულ ბინას ქირაობენ. გამოძიების მიერ ამოღებულ კადრებში ისინი თბილისის ქუჩებში 4 მარტიდან ჩანან. 15 მარტს ქილერი უკვე მოპედით გადაადგილდება და სავარაუდოდ ამ დროიდან იწყებს ბიზნესმენის და მისი ოჯახის თვალთვალს. 28 მარტს კი დამნაშავეები, ერთად, თუმცა სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ეს ბესო ხარძიანის სიცოცხლის ბოლო დღეა.
დაახლოებით შუადღის 14:00 საათზე, ბიზნესმენი ვაკეში, მარაბდის 25 ნომერში სახლში ბრუნდება. ჩასაფრებული ქილერი მას სადარბაზოში უკან მიყვება და მაყუჩიანი იარაღით ცეცხლს ზურგიდან უხსნის. რამდენიმე წამში მკვლელი ტერიტორიას მოპედით ტოვებს.
ბესო ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში მალევე გარდაიცვალა.
ამასობაში, მკვლელმა კეკელიძის ქუჩაზე, ფარეხთან მოპედი დატოვა, სახურავზე დააგდო ნიღაბი. იარაღი კი, მტკვარში გადააგდო. თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, ორმხრივი ქურთუკი ლურჯი მხრიდან ჩაიცვა, კაპიუშონი დაიფარა და გზა ფეხით განაგრძო. ტაქსით, ნაქირავებ ბინაში მივიდა. საიდანაც თანამზრახველ დოევთან ერთად, სარფის საზღვრისკენ წავიდნენ. ქილერმა და მისმა მეგობარმა საზღვარი სხვადასხვა გასასვლელით დატოვეს. ფარიდ გურბანოვმა მესაზღვრეები აქაც გააცურა და საზღვარი ისევ ყალბი საბუთით, ოლეკსანდრ დამეტოვის პასპორტით გადაკვეთა. გამოძიებამ ქილერის და მისი დამხმარის ვინაობა მათი ქვეყნიდან გაპარვის შემდეგ დაადგინა.
გურბანოვი და დოევი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რატომ მოკლეს ბიზნესმენი, ვინ შეუკვეთა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა - მთავარ შეკითხვებზე გამოძიებას პასუხი ჯერ არ აქვს. მოკლულის ოჯახი კი, დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენი კუს ტბის წილებს შეეწირა.
ბიზნესმენი მკვლელობამდე 4 წლით ადრე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული. ამტკიცებდა, რომ ციხეშიც ბიზნესინტერესების გამო ჩასვეს. იქ კი, წამების შედეგად, კუს ტბის წილები დაათმობინეს. ბესიკ ხარძიანის წამებასა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 2 პირს ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ წარუდგინა. სასამართლო განხილვები ჯერ არ დასრულებულა.
მკვლელობის რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება - ჯერ უცნობია.