22 ნოემბერი 2024,   10:08
ვრცლად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის 8 თვის და კომიტეტის 2020-2024 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა, 8 თვის განმავლობაში კომიტეტმა ჩაატარა 27 სხდომა, წამყვანი სტატუსით განიხილა 9, ხოლო სავალდებულო წესით - 1 კანონპროექტი. გადაწყვეტილება მიიღო 3 საკანონმდებლო წინადადებაზე და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 2 საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმებაზე.

"მიმდინარე წელს განხორციელდა 3 თემატური მოკვლევა. კომიტეტმა 8 თვის განმავლობაში, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გააფორმა 2 კომუნიკე, ლატვიისა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებთან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების კონცეფციის შემუშავება და საქართველოში STEM განათლების შესაძლებლობების შესწავლა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მეათე მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა და სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

მისი ინფორმაციით, კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში 121 სხდომა ჩაატარა, წამყვანი სტატუსით 48, ხოლო სავალდებულო წესით 21 კანონპროექტი განიხილა. ასევე იმსჯელა 15 საკანონმდებლო წინადადებასა და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ 18 საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმებაზე. 2020-2024 წლებში კომიტეტმა 12 თემატური მოკვლევა განახორციელა. კომიტეტში შევიდა 1670 ოფიციალური კორესპონდენცია.

2022 წლიდან კომიტეტი ჩაერთო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში და დააწესა სპეციალური კატეგორია - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის მხარდაჭერისთვის.

"XI მოწვევის პარლამენტში ამ კომიტეტს მინდა ვუსურვო მეტი წარმატება და რაც მთავარია, მეტი შედეგი. დარწმუნებული ვარ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იქნება ჩართული სხვადასხვა პროცესში. ამ კომიტეტის ფუნქცია უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები