22 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან გულისხმობს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებისკენ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაულები, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების დამზადებასა და უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულები, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანა, ადამიანით ვაჭრობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, წინასწარი შეცნობის გზით დანაშაულებრივად მოპოვებული ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა ან გასაღება; იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერების, ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების, ქიმიური, რადიოლოგიური, ბირთვული მასალებისა და სხვა საშიში ნივთიერებების ქურდობა, უკანონო მომზადება, ბრუნვა და ვაჭრობა; ფულისა და გადახდის სხვა საშუალებების, ფასიანი ქაღალდების, ასევე ფინანსური დოკუმენტების გაყალბება, მათი გაშვება ბრუნვაში და გამოყენება, როგორც ნამდვილის, ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მათი გაშვება ბრუნვაში როგორც ნამდვილის, ფულის გათეთრება, კორუფცია და კიბერდანაშაული.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა ძებნილ, გაუჩინარებულ, დაკარგულ პირთა და ნივთებთან მიმართებით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტს.

დღის ამბები