23 წელი გავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი საზარელი ტერაქტიდან. ნიუ-იორკში დატრიალებულ ტრაგედიას 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2001 წლის 11 სექტემბერს, "ალ ქაიდას" თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა.
კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს. დღეს "ტყუპების" ცათამბჯენების ადგილას, გრინვიჩის ქუჩაზე, მარმარილოს მემორიალი დგას. მის კედლებზე ამოტვიფრულია ტერაქტის დროს დაღუპულთა სახელები.