22 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში ხვალ კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, იმიტირებული კენჭისყრის პროცესი ხვალ  11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის შემდეგ პროცედურებს - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ  საარჩევნო  ტექნოლოგიებს. საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებგვერდზე www.cesko.ge.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. ამ დროისათვის  ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

დღის ამბები