22 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ტენდენციური და მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემცველია "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში ასახული ინფორმაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნით - გივი მიქანაძე

ტენდენციური და მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემცველია ანგარიშში ასახული ინფორმაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნით, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ "სამართლიანი არჩევნების" მიერ, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 1-ლი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების აქტივობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში გაყვანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშის აბსურდულობას.

მიქანაძე აღნიშნავს იმასაც, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო პროგრამებსა თუ ინიციატივებზე აქცენტირება ტოვებს განცდას, რომ მათი გადმოსახედიდან, საარჩევნო წელს ხელისუფლებამ არაფერი უნდა გააკეთოს.

"მაჟორიტარი დეპუტატების აქტივობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში გაყვანა, წარმოდგენილი ანგარიშის აბსურდულობის კიდევ ერთი დამადასტურებელია. ანგარიშში ნახსენებიც კი არ არის, რომ პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი შატაკიშვილი, რომელთა აქტივობებზეც გაკეთებულია აქცენტი, მოქმედი პარლამენტის წევრები და კონკრეტული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარები არიან და ისინი მხოლოდ დელეგატებად არიან მოხსენიებული.

სამართლიანი არჩევნების მიერ სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო პროგრამების/ინიციატივების თაობაზე აქცენტირება მხოლოდ ერთ განცდას გვიტოვებს, რომ მათი გადმოსახედიდან ხელისუფლებამ საარჩევნო წელს არაფერი უნდა აკეთოს და ყველა მნიშვნელოვანი პროცესი გაყინოს ან მისი ინიციირება არ მოახდინოს. ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის საფუძველზე ქვეყანაში დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები გაიზარდა 500 მილიონი ლარით.

დამატებითი თანხები, ისევე როგორც წინა წლებში, გადანაწილდა სხვადასხვა სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე. სამართლიანი არჩევნების მორიგი უსაფუძვლო განცხადება, ხსენებული დაფინანსების საარჩევნოდ მოტივირებულ პროგრამად გასაღების მიზნით, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ორგანიზაციის სუბიექტურობასა და რეალურ მიზნებს," - აღნიშნა მიქანაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის მიერ საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების საარჩევნოდ მოტივირებულ ინიციატივად მოხსენიებაზე და აღნიშნა, რომ "სამართლიანი არჩევნების" მხრიდან ეს პროექტის დისკრედიტაციის მცდელობაა.

ის ასევე აბსურდს უწოდებს პარლამენტში მედიისთვის დაწესებული რეგულაციების სადამსჯელო მექანიზმად წარმოჩენას.

საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო ინიციატივების ჭრილში მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა. საზოგადოებას ახსოვს, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დაინიცირდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები ოფიციალური სტაჟირების გაჩენასთან, ხოლო 2023 წელს სტაჟიორებისთვის ანაზღაურების მიცემასთან დაკავშირებით, რაც წარმატებით განხორციელდა.

კანონმდებლობის ამ ნაწილში დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზეც იქნა დამატებითი ცვლილებები შეტანილი. შესაბამისად, კონკურსი სტაჟიორების მისაღებად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა სრულყოფილ იქნა. ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული ამ კეთილშობილური პროცესის დაჩრდილვისა და წინასაარჩევნო სტრატეგიად გასაღების მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი ხრიკია.

ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პარლამენტში დაწესებულია შესაბამისი რეგულაციები მედიის წარმომადგენლებისთვის. სამართლიანი არჩევნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების სადამსჯელო მექანიზმად წარმოჩენა სრული აბსურდია, რადგან ის არ ზღუდავს ჟურნალისტურ საქმიანობას, ადგენს წესრიგს და სხვა ქვეყნებში მოქმედ მსგავს რეგულაციებთან შედარებით არის ბევრად ლიბერალური," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები