ახალი საცხოვრებელი კორპუსი თბილისში, რომელიც უკვე ინგრევა - ვაშლიჯვარში მდებარე 9 სართულიანი სახლი დაცარიელებულია, მისი მშენებელი კი, პატიმრობაში იმყოფება.
9 სართულიან კორპუსში, ახლა 52 ოჯახი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა შენობა დალუქულია და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ირკვევა, რომ არზაყან ემუხვარის 9 ნომერში განთავსებული ბინები, მაცხოვრებლებისთვის საშიშია.
ბზარები კედლებზე და დეფორმირებული შენობა - ეს იმ დაზიანებების არასრული ჩამონათვალია, რომლის დანახვაც კორპუსში შესვლის გარეშეც შესაძლებელია.
კორპუსში ცხოვრება რომ საშიში იყო, იქ მაცხოვრებლებმა ახალმოსახლეობიდან რამდენიმე დღეში გაიგეს. როგორც ისინი "კურიერთან" ჰყვებიან, შენობაზე ბზარები თავდაპირველად გარედან შეამჩნიეს, მალევე კი კედლები მათ ბინებშიც ჩამოინგრა.
ფაქტის შემდეგ, კორპუსის მაცხოვრებლებმა დახმარებისთვის თბილისის მერიას მიმართეს, შესაბამისმა სამსახურებმა, იმავე დღეს, დაზიანებული კორპუსი შეამოწმეს. აუცილებელი გახდა ოჯახების ევაკუაცია და მათი ქირით გაყვანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის, საინჟინრო ექსპერტიზით დადგინდა, რომ დეფორმაციები მძიმე დაზიანებათა ხარისხს მიეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
გამოძიების ინფორმაციით, კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რაც კანონდარღვევაა და სამშენებლო ნორმებზე მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგება.
უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემისთვის, სამართალდამცველებმა ერთი პირი - სამშენებლო კომპანია "თორის" დამფუძნებელი დააკავეს. რობერტ გაბუნიას საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა ჩატარდა, მოსამართლემ ბიზნესმენი 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებამდე, ბრალდებული თავის მართლებას ცდილობდა და კორპუსიდან ევაკუაცია მხოლოდ პანიკას დაუკავშირა.
პროკურატურის ინფორმაციით, რობერტ გაბუნიამ კორპუსი 2022 წელს ააშენა, მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა. ავარიული შენობის ჩაბარებით, მეპატრონეების საერთო ზარალი 10 მილიონზე მეტი ლარია.
სამშენებლო კომპანია "თორის" დამფუძნებელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.