25 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
რითაც შევიდა, იმით გამოვიდა - ნათია მეზვრიშვილის მოთხოვნა, პროკურატურას შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა, არ დაკმაყოფილდა

ყოფილი პროკურორი პროკურატურის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. გიორგი გახარიას თანაგუნდელი საგამოძიებო უწყებისგან პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლზე, რომელიც ძალადობის წახალისებას გულისხმობს. ნათია მეზვრიშვილის აზრით, შალვა პაპუაშვილის რამდენიმე განცხადება ოპონენტების მიმართ მუქარასა და ძალადობის ნიშნებს შეიცავდა.

ყოფილმა პროკურორმა უწყებასთან თანამშრომლობა და დამატებითი მტკიცებულებების მიწოდება არ ისურვა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები კი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს - ასე ახსნა დღეს საგამოძიებო ორგანომ გადაწყვეტილება.

ნათია მეზვრიშვილი, თავისი განცხადების საფუძველზე, დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად, თბილისის პროკურატურაში გასაუბრებაზე დაიბარეს. მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე. ვინაიდან განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა.

ნათია მეზვრიშვილს თემით სპეკულირებაში ადანაშაულებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ქულების ჩაწერას სამართლებრივი მანიპულაციებით ცდილობს, რაც პროკურატურის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

გიორგი გახარიას გუნდი, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, პარლამენტის სპიკერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურაში ფაქტის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

დღის ამბები