25 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
"აიძულებდნენ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ, პროსტიტუციით დაკავებულიყო" - ყაზახეთში, კლასელები 16 წლის გოგონას სექსუალურ მონობაში ამყოფებდნენ

ყაზახეთში თანაკლასელები, ნახევარი წლის განმავლობაში, 16 წლის გოგოს სექსუალურ მონობაში ამყოფებდნენ - ამის შესახებ ყაზახური მედია გვერდები ქალთა უფლებების დაცვის ფონდის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე დაყრდნობით წერს.

ეჭვმიტანილთა შორის არიან: დაზარალებული გოგოს 2 კლასელი [გოგო და ბიჭი], ასევე - კლასელის და.

"ეს გოგონა [თანაკლასელი] ჩვენთან სახლში მე-10 კლასიდან მოდიოდა, ჩვენს ქალიშვილთან მეგობრობდა. ზოგჯერ, ჩვენთან ღამითაც რჩებოდა. შემდეგ, მათ დაიწყეს თხოვნა, რომ ჩვენი გოგო მათთან დარჩენილიყო. თავიდან წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა მერე დაგვარწმუნეს, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. იანვრის თვეში, მათ ჩვენს შვილს მობილური ტელეფონი წაართვეს და სხეულით მოვაჭრე ქალების საიტზე დაარეგისტრირეს, შემდეგ აშანტაჟბდნენ იმით, რომ გადაუღეს ვიდეო, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტანსაცმელს იცვლიდა, იყო შიშველი.

თებერვალში ჩვენი შვილი ჯერ კიდევ ბრუნდებოდა სახლში და სკოლაშიც დადიოდა, მაგრამ, შემდგომ მათ "მადა" გაეზარდათ: შვილმა დაიწყო დღისით სახლიდან გასვლა, შემდეგ - საღამოობითაც. იყო დღეები, როდესაც მას აიძულებდნენ, შესვენების გარეშე, ორი დღე-ღამე დაკავებულიყო [პროსტიტუციით]. იმ შემთხვევაში, თუ ის [დაზარალებული მოსწავლე] მათთვის [დამნაშავეებისთვის] თანხის გადმორიცხვას 5 წუთით მაინც დააგვიანებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ,“ - ამის შესახებ დაზარალებული 16 წლის გოგოს დედა ყვება.

ყაზახეთში ქალთა უფლებების დაცვის ფონდში აცხადებენ, რომ გოგონა სახლიდან მიდიოდა, ქრებოდა, რის შემდეგაც მშობლები პოლიციაში განცხადებებს წერდნენ, თუმცა პოლიცია ძიებას არ იწყებდა:

"გოგონას ძებნას არ იწყებდნენ, პირიქით, მუდმივად ემუქრებოდნენ მშობლებს, რომ მშობლის უფლებას ჩამოართმევდნენ. ამიტომ, შეშინებული მშობლები ცდილობდნენ, თავიანთი ძალებით მოეძებნათ გაუჩინარებული შვილი,“ - წერია ფონდის განცხადებაში.

ქალთა უფლებების დაცვის ფონდის თქმით, გოგონა პერიოდულად რეკავდა მშობლებთან ვიდეოზარით, ეუბნებოდა, რომ კაფეში მიმტანად ან/და ყვავილების მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. თუმცა, როდესაც მშობლები მიდიოდნენ აღნიშნულ ლოკაციაზე, მათ ეუბნებოდნენ, რომ მოზარდმა მხოლოდ ვიდეო გადაიღო და წავიდა.

ფონდში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ დამნაშავეები გოგოს ემუქრებოდნენ, რომ დედაქალაქ ასტანაში "მფარველები" ჰყავთ და მათ გოგონას მშობლების მოკვლა შეუძლიათ. ასევე ემუქრებოდნენ, რომ მშობლების სახლში ბუნებრივ აირს გაუშვებდნენ და მათ გაგუდავდნენ.

"გოგონას მუდმივად უკეთებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და აუპატიურებდნენ. მშობლები ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ იცოდნენ პედაგოგებმა, სკოლის დირექტორმა და თავად რაიონის პოლიციის თანამშრომელმაც. მოგვიანებით, გოგონას დიდი თანხა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისა და წარბების გადაპარსვით დაემუქრნენ. 16 წლის გოგონამ დასახმარებლად მეგობარ ბიჭს მიმართა, სწორედ მან მოუყვა ყველაფერი გოგონას მშობლებს,“ - ამბობენ ქალთა დაცვის ფონდში.

მედიის ცნობით, სექსუალური მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ, გოგონას არანაირი სამედიცინო დახმარება არ მიუღია, მშობლებს თავად დაჰყავდათ ის კერძო კლინიკებში ანალიზების ჩასაბარებლად და დაზიანებების დასაფიქსირებლად.

ასევე ირკვევა, რომ ყველა თანხის გადარიცხა, რასაც მამაკაცები აწარმოებდნენ [გოგონას კლიენტები] დაფიქსირებულია და ტრანზაქციების რაოდენობა ათასზე მეტია. ფონდის დამფუძნებლის განმარტებით, გოგონა და დედამისი დაკითხვაზე 10-ჯერ დაიბარეს, სადაც აიძულებდნენ, ყველაფერი ხელახლა, დეტალურად მოეყოლათ. როგორც ფონდის დამფუძნებელი დინა სმაილოვა ამბობს, დაკითხვის ყველა პროცედურა მაქსიმალურად არაჰუმანურ სახით მიმდინარეობდა.

სმაილოვას თქმით, პირველი მამაკაცი, რომელმაც 16 გოგონა გააუპატიურა, იყო ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომელი.

ყაზახეთის პოლიციამ გამოძიება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩართვის მუხლით დაიწყო. თუმცა, დაზარალებული მხარე ითხოვს საქმეს სერიოზული კვალიფიცირება მიეცეს, ვინაიდან აღნიშნული მუხლი მხოლოდ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს სახლში ეჭვმიტანილების ოჯახის წევრები აკითხავენ, მათ იციან გოგონას მშობლების საცხოვრებელი მისამართი.

არასრულწლოვანი ეჭვმიტანილების მშობლების მიმართ, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დღის ამბები