ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობა კიდევ დიდი ხნით გადაიდო. "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, თეირანის ტერიტორიაზეა ლიკვიდირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისრაელი პასუხს ნებისმიერ წუთს უნდა ელოდოს, როგორც ირანისგან, ისე მის მიერ მხარდაჭერილი "ჰამასისგან". ამით არ ამოწურულა - ისრაელისთვის სარკისებრ პასუხს ელის ლიბანიც, რადგან ისრაელმა, იმავე დღეს, ბეირუთზეც მიიტანა დარტყმა, სადაც "ჰესბოლას" ერთ-ერთი ლიდერი, ფუად შუქრი გაანეიტრალა.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, თეირანში ჩასული ისმაილ ჰანიე, რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც მისკენ მართვადი რაკეტა გაუშვეს. ჰანიე და დაცვის წევრი ადგილზევე გარდაიცვალნენ. "ჰამასის" ყველაზე ხანში შესული, 62 წლის პოლიტიკური ლიდერის სიკვდილმა, დაჯგუფება შოკში ჩააგდო.
"ისმაილ ჰანიეს სისხლი ფუჭად არ დაღვრილა" - ამბობენ "ჰამასში" და რევანშისთვის ემზადებიან. ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი შეურაცხყოფილია, რადგან მის ინაუგურაციასაც ჰანიე პირადად ესწრებოდა. ამბობს, რომ ავტორები ლაჩრულ თავდასხმას ინანებენ. უფრო კონკრეტული იყო ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ბოლო ლიდერია, ვისთან ერთადაც ჰანიე კამერებთან რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა.
გოლანის მაღლობზე მოკლული 12 ისრაელელისთვის მოკლული, ფუად შუქრის შესახებ ისრაელი ღიად საუბრობს, განსხვავებით "ჰამასის" ლიდერის მკვლელობისგან. თქვეს, რომ ჰანიეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ. ისრაელმა სათქმელი ოქტომბერში თქვა, კიბუცებზე "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. მაშინ, მათ დაჯგუფების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურება დაისახეს მიზნად და ოპერაცია "ჰანიეც" ამის ნაწილია. ახლა კითხვა იმაშია, თუ ვინ უპასუხებს ისრაელს, ისლამისტური დაჯგუფებების პრაგმატისტული თუ ექსტრემისტული ნაწილი.
აშშ-მ თქვა, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. შესაბამისად, სინგაპურში მყოფმა ენტონი ბლინკენმა მკვლელობაში აშშ-ის ჩართულობა გამორიცხა. ვაშინგტონს სჯერა, რომ ომის არიდება შესაძლებელია, თუმცა იცის, რომ საფრთხე ძალიან დიდია. ამ საფრთხის გამოა, რომ გერმანიამ მოქალაქეებს ლიბანის დატოვება ურჩია. დეესკალაციისკენ მხარეებს მოუწოდებენ რეგიონული აქტორებიც.
ვიდრე ახლო აღმოსავლეთის ცეცხლსაშიში რეგიონი, მორიგი კონფლიქტისთვის ემზადება. ღაზაში ომი გრძელდება და მას ტერორისტებზე მეტად, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე მიაქვს. ამ დროისთვის ისრაელის თავდასხმებს იქ 39 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 90 966 ადამიანი კი დაიჭრა. რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ბოლო მოვლენებმა, ძალადობის სპირალი ახლო რეგიონში საშიშ წერტილს კიდევ უფრო მეტად მიუახლოვა.