22 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
მეწყრის შედეგად, ინდოეთში სულ მცირე 166 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, კერალას შტატის მთებში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, სულ მცირე 166 ადამიანი დაიღუპა, 115 დაშავდა და 225 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედია საშუალების - Asianet-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 179 ადამიანია დაღუპული.

მაშველები, სამხედროებთან ერთად, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქეების ძებნა-შველის ოპერაციას 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ. მათ ვაიანადის რაიონში, სოფლებიდან და ჩაის პლანტაციებიდან 1000 ადამიანის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა შეძლეს.

ხანგრძლივმა ძლიერმა წვიმამ, კერალას შტატში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას მეწყერი სამშაბათს გამოიწვია. მიწის, წყლისა და ლოდების ნაკადმა, ფერდობზე გაშენებული სოფლები წალეკა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

2018 წლის წყალდიდობის შემდეგ, ეს შემთხვევა კერალას შტატში ყველაზე ძლიერ კატასტროფად არის მიჩნეული. ექსპერტების განმარტებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეგიონში ძლიერი წვიმა იყო, რამაც ნიადაგი დაარბილა და მომაკვდინებელი მეწყერი გამოიწვია.

დღის ამბები