გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების ახალი ეტაპი დაიწყო. უკვე მოხსნილია თუნუქის დროებითი სახურავი და ახლა ძირითად კონსტრუქციაზე საბოლო სახის გადახურვა ხდება. სამუშაოებს გერმანული კომპანია აწარმოებს.
გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი, საერთაშორისო დონის ექსპერტები არიან ჩართულნი. ისინი დღეს მედიასაც შეხვდნენ და არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ვითარება კრიტიკულია, თუმცა, ყველაფერი კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად. მათ უკვე შეისწავლეს საკურთხევლის ტერიტორია და კედლები, სადაც წვიმისგან გამოწვეული ახალი დაზიანება არ არის.
გელათის სამონასტრო კომპლექსში ამბობენ, რომ ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პროცესით მუდმივად ინტერესდება მთავრობის მეთაური და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზეც ეცნობა.
გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ერთ-ერთი ეტაპი 15 აგვისტოს უნდა დასრულდეს.