25 ნოემბერი 2024,   10:07
ვრცლად
პირველი მედალი პარიზის ოლიმპიადაზე - ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის პრიზიორია

პირველი მედალი პარიზის ოლიმპიადაზე - ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა და საჩემპიონო პიედესტალზე ავიდა.

81 კგ. წონით კატეგორიაში გადამწყვეტი ორთაბრძოლა რთული გამოვიდა. ქართველი იაპონელ ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა და ორი ვაზარით დამარცხდა. იაპონელი უპირატესობას თავიდანვე ფლობდა და, ზედიზედ მეორედ, ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ფინალამდე, გრიგალაშვილმა ოთხი ეტაპი გაიარა - დაამარცხა მოლდოველი, ავსტრიელი, ტაჯიკი და კორეელი მეტოქეები. ყველაზე რთული ნახევარფინალური შეხვედრა იყო. კორეელმა ძიუდოისტმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა ქართველთან ვერაფერი გააწყო. ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე გზაზე არავინ დაინდო.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები, უკვე მეოთხე დღეა, პარიზში, მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე ასპარეზობს. აქამდე, მედალთან ყველაზე ახლოს ეთერ ლიპარტელიანი იყო. ძიუდოისტი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და ბრინჯაომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლაშა გურულმა. მოკრივემ მერვედფინალური ეტაპი დაძლია და, თუ მეოთხედფინალშიც გაიმარჯვებს, ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს. გურულის მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედ საბირი იქნება.

ხვალ, საქართველოს სახელით, ერთადერთი სპორტსმენი იასპარეზებს. ტატამიზე ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური გამოვა.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები