"ქართულმა ოცნებამ" ის 121 არასამთავრობო ორგანიზაცია შეისწავლა, რომლებმაც გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს. მმართველი გუნდის საბაზისო კვლევა 7 კომპონენტისგან შედგება. ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ ენჯეოების 79 პროცენტი, ანუ 95 მათგანი, საქმიანობის წლიურ ანგარიშს არ აქვეყნებს, 65 პროცენტი არ მიუთითებს რა რაოდენობის გრანტი აქვს მიღებული, 31 პროცენტი არაფერს ამბობს დონორზე, 22 პროცენტს კი ელემენტარული ვებ-გვერდიც კი არ აქვს.
სახელისუფლებო გუნდის კვლევის შეფასება, დღეს არასამთავრობო სექტორის მხოლოდ მცირე ნაწილმა ისურვა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთან გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას. რაც შეეხება გაუმართავ საიტებსა და წლიურ ანგარიშებს - ენჯეოებში ამბობენ, რომ ხარვეზების მიზეზი, გასული ორი თვის განმავლობაში მათი აქტიური საპროტესტო ცხოვრებაა. ანგარიშვალდებულებას კი მხოლოდ დონორების მიმართ გრძნობენ.
"ქართული ოცნების" კვლევას სპეკულაციურს უწოდებენ და მესამე სექტორის შევიწროების მცდელობად აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს ენჯეოებთან კითხვები არ აქვთ. მეტიც, ნაწილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკური ძალები ღიად უნდა დააფინანსოს.
პრეზენტაცია, რომელმაც გამჭვირვალობის კანონთან მებრძოლი არასამთავრობოების ლუსტრაცია კიდევ ერთხელ შეძლო -ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება. ოცნებაში ამბობენ, რომ კვლევამ დაადასტურა რომ ქვეყანაში მესამე სექტორი ე.წ. შავი ფულით ფინანსდება, რამაც გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიმდინარე წლის მაისში მიიღო. ის ძალაში სექტემბრიდან შევა და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას დაავალდებულებს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი საკანონმდებლო ნორმით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს.