22 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, სუს-ში გამოკითხვები გრძელდება - რა კავშირი აქვთ პანკისელ მოწმეებს უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან

"კარგად ყოფნა მისურვეს" - ასე უპასუხა გიორგი კუშტანაშვილმა ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მედიის დასმულ კითხვებს. მოქალაქემ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა, ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. სუსში შესვლამდე, მხოლოდ ის თქვა, რომ არ იცოდა რა საქმეზე დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში.

კომენტარის გარეშე დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთმა პირმა - ალი ხანგოშვილმა.
რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმესთან, მოწმემ დუმილით უპასუხა. მედიას უთხრა, რომ განმარტებებს მისი ადვოკატი გააკეთებდა, რომელიც გამოკითხვას დაესწრო.

ადვოკატმა მედიას დაუდასტურა, რომ ხანგოშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში სწორედ ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. ინტერესების დამცველმა არ უარყო, რომ გამოძიება ხანგოშვილის და უკრაინაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების კავშირითაც დაინტერესდა.

გიორგი კუშტანაშვილის და ალი ხანგოშვილის გამოკითხვის დასრულებას, სუს-თან ელოდებოდა რამაზ ქავთარაშვილი. ტერორისტული აქტის მომზადების და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმის კიდევ ერთი მოწმე. ქავთარაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პარასკევს გამოიკითხა, თუმცა არც დღეს და არც მაშინ განუმარტავს, თუ რა კავშირი აქვს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების ფაქტებზე, საგამოძიებო მოქმედებები თითქმის ყოველ დღე ტარდება. ამ ეტაპზე, მედიის ინფორმაციით, 10-ზე მეტი პირია გამოკითხული. ნაწილი მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა, ნაწილმა კი ჩვენება საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის თანდასწრებით მისცა.

მათ შორის იყო კონსტანტინე ჟღამაია. "კურიერი" მის ინტერესების დამცველს ესაუბრა, ადვოკატი ჟღამაიას განმეორებით დაკითხვაზე დაბარებას არ ელოდება, თუმცა თორნიკე ჩიქოვანი არ გამოირიცხავს, რომ მომდევნო დღეებში, გამოძიებამ სხვა პირებიც გამოჰკითხოს და ტერორიზმის საქმეში ახალი მოწმეები გაჩნდნენ.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმეზე, დღეს სულ ორი პირი გამოიკითხა.

 

დღის ამბები