22 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტში 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %).

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა, გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 684-მა ამომრჩეველმა, რომელთაგანაც 27 360-მა (98%) განაცხადა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით გაუადვილდა კენჭისყრაში მონაწილეობა.

პროექტი 6 ივლისიდან დაიწყო და მისი მიზანი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო. ამომრჩევლები პირადად ეცნობოდნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოქალაქეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებსა და პროექტებს არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს. ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ ინფორმირების კამპანიას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე, სექტემბერში, ყველა მუნიციპალიტეტში, იგეგმება სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური წარმომადგენლებისთვის.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია 500 000-ზე მეტი ამომრჩეველი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

დღის ამბები