თეთრი სახლის კედლებს ჯერ არ ახსოვს მიკროფონთან და ტრიბუნასთან მდგარი ქალი პრეზიდენტი, რომელიც ამომრჩევლებს მიმართავს. "სიმფსონების" ერთ-ერთ ეპიზოდში 2000 წლის 19 მარტია და დროში მოგზაურობაც აქედან იწყება.
ამერიკულმა საზოგადოებამა, 24 წლის წინ, პოპულარულ ანიმაციურ სერიალში უკვე ნახა, როგორ მოირგო ოვალური კაბინეტი ლიზა სიმფსონმა. ამ ამბავში უცნაურიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური დამთხვევა, რამაც მერე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. წლების შემდეგ, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში კამალა ჰარისი გამოჩნდება, რომელიც, შესაძლოა, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ანიმაციურ წინასწარმეტყველებაში, ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტს ლიზა სიმფსონთან მხოლოდ პოლიტიკური მომავალი არ აკავშირებს, ასევე - მისი სამოსი და ყელსაბამიც. კამალა ჰარისი, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, სწორედ იასამნისფერ ტანსაცმელში გამოეწყო.
პრეზიდენტის სავარძელზე უარს არ ამბობს არც ჯო ბაიდენის წინამორბედი, რომელსაც სიმპსონების მორიგი მისტიკა შეეხო.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 2017 წელს შევიდა, თუმცა სიმპსონებმა ამერიკელებს, ჯერ კიდევ 2000 წელს უთხრეს, რომ ნიუ- იორკში დაბადებული ბიზნესმენი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდებოდა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მან ჰილარი კლინტონი დაამარცხა. სიმპსონებში არა მარტო ტრამპის პრეზიდენტობა, არამედ მისი ოფიციალური ვიზიტებიც იწინასწარმეტყველეს. 14 წლის შემდეგ, ის ეგვიპტის პრეზიდენტს მართლაც შეხვდა. შეთანხმებას მიაღწია საუდის არაბეთის მეფესთან.
ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ ნამდვილად გამართლდა. ეს დადასტურდა მაშინაც, როცა, გაცილებით ადრე, იწინასწარმეტყველეს 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტი.
1997 წლის ერთ–ერთ სერიაში, ჟურნალში დაბეჭდილი იყო ნიუ–იორკის ტყუპი კოშკები, რიცხვი 9 და დოლარის ნიშანი. ოთხი წლის შემდეგ, 11 სექტემბერს, საშინელი ტერორისტული თავდასხმა მოხდა.
ტრაგიკული მოვლების გარდა, სიმპსონებმა იწინასწარმეტყველეს ეკონომიკური კრიზისიც. ერთ-ერთ სერიაში, სადაც სიმპსონი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოდის, მორბენალ სტრიქონზე ჩანს წარწერა – "უდიდესი კრიზისის გამო, ევროპა საბერძნეთს eBay–ზე ყიდის". სერიიდან სამი წლის შემდეგ, საბერძნეთში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.
1993 წელს, სიმპსონების ოჯახი ჰყვებოდა "ორსაკას" გრიპზე, ამ სერიაში აღწერილი სიმპტომები მართლაც ემთხვევა "კორონავირუსს", რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა.
ფეხი აუწყვეს თანამედროვე ტექნოლოგიებსაც და სიმპსონების იდეებმა რევოლუციური გარღვევა გამოიწვია. სერიაში, სადაც ლიზა სიმფსონი მომავალში გაემგზავრა, იქიდან დედას ვიდეოზარით ეკონტაქტებოდა. იმ დროისათვის ეს ფანტასტიკის ნაწილად ჟღერდა, თუმცა, 15 წლის შემდეგ, ფუნქცია სმარტფონებს და არამხოლოდ, ნამდვილად დაემატა. 1995 წელს, პირველად მათთან გამოჩნდა ჭკვიანი საათიც, რომლის გაყიდვაც წლების შემდეგ ნამდვილად დაიწყო.
მოვლენები, რომელიც მსოფლიოს თავს ბოლო წლებში გადახდა, ერთი ამერიკული ოჯახის თავგადასავალში ცოცხლდება და მას კიდევ უფრო რეალურს ხდის, ჰომერს, ბარჯის, ლიზას, ბარტოს კი - კიდევ უფრო მეტყველს. მსოფლიო იცვლება, მაგრამ შეუცვლელია მუშათა კლასის ცხოვრების სატირული სერიალი, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი უკვე აქვს.