22 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
პარიზის ოლიმპიადის მერვედფინალში ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მეორე დღე - სამი ქართველიდან, ოლიმპიური მედლის მოსაპოვებლად, პირველმა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა, თუმცა ის მერვედფინალში, ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. ვალიდ ხიარმა გამარჯვება ორი ვაზარით მოიპოვა, მარგველაშვილი კი ოლიმპიადას უმედლოდ გამოეთიშა.

გამარჯვებისთვის, დღეს, კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. მედლის მოპოვებას მოცურავე ნოე ფანცხავა და მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი ეცდებიან.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა, თუმცა თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ის მედლის გარეშე დარჩა და გადამწყვეტ ბრძოლაში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.

გუშინვე ასპარეზობდა ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც, რომელიც 1/8-ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14-15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქალთა 100 მეტრზე ბატერფლაის დისციპლინაში საკვალიფიკაციო გაცურვაში მონაწილეობა მიიღო, ოლიმპიადის მონაწილე 15 წლის ქართველმა ანა ნიჟარაძემ, რომელმაც 31 გამომსვლელში 28-ე ადგილი დაიკავა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

დღის ამბები