მთელი მისი დიდებულებით, საფრანგეთმა მსოფლიო ერთ მშვენიერ ქალაქს მიაჯაჭვა. პარიზმა ოლიმპიური თამაშები ისე გახსნა,რომ მთელი მსოფლიო აალაპარაკა და კიდევ დიდხანს ალაპარაკებს. ვნახეთ შოკიც და ფრანგული შიკიც პირდაპირ პარიზიდან, მისი ავტორი კი სამხატვრო ხელმძღვანელი ტომას ჟოლია, რომლის სახელიც დღეიდან ყველას ემახსოვრება.
ყველაფერი კი ლეგენდით დაიწყო, ლეგენდით სახელად ზიზუ. პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩირაღდანი ხელში აიღო ზინედინ ზიდანი იყო, მას ის ცნობილმა ფრანგმა კომიკოსმა, ჟამელ დებუზმა გადასცა. ასე დაიწყო ცეცხლმა პარიზის ქუჩებში მოგზაურობა.
ზიდანს ადევნებული 3 პატარა და იდუმალი მეჩირაღდნე უკვე საინტერესო თავგადასავალს გვპირდებოდა, თუმცა ხიდზე გაშვებული დროშის სცენით მივხვდით, რომ რაღაც განსაკუთრებული გველოდა.
საფრანგეთი,რომელიც 100 წლის შემდეგ, ოლიმპიადას მესამედ მასპინძლობს, პირველი ქვეყანაა, რომელმაც შოუ არა ერთ სტადიონზე, არამედ მთელს ქალაქში მოაწყო. პირველი კი, ვინც საკუთარი ქვეყნის დროშა მდინარე სენაზე ააფრიალა საბერძნეთი იყო - ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები გვაჩუქა.
ლედი გაგას კაბარეში ყოველდღე ვერ ნახავ, ოლიმპიადაზე კი ვნახეთ. პირველი მუსიკალური ნომერი პარიზის ქუჩებში შეკრებილ მაყურებელს სწორედ მან შესთავაზა, თან ფრანგულად. სენას სანაპიროზე მოწყობილი მუსიკალური და საცეკვაო ნომრების პარალელურად კი მდინარეს მსოფლიოს 206 ქვეყნის 10 000 სპორტსმენი მიუყვებოდა გემებითა და ნავებით. სწორედ აქ ვიხილეთ პირველად ის, ვისაც ასე ველოდოთ - საქართველოს ოლიმპიური ნაკრები! 28 სპორტსმენი, მედროშე - ლაშა ტალახაძითა და ნინო სალუქვაძით.
პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ფრანგული კულტურა, ღირებულებები, ხედვა, წარსული თუ აწმყო შემოქმედებითად შეკრიბეს და საოცარ შოუდ აქციეს. ამის ნაწილი იყო კანკანიც და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარემონტო სამუშაოების მოტივებზე გადაღებული სცენაც, რომელიც სენას სანაპიროზე გასაოცარი ცეკვით გაგრძელდა წყალში. ვნახეთ მოდის დედაქალაქი და ლუი ვიტონის მიერ შექმნილი ჩანთები, რომლებშიც ოლიმპიური მედლები ელაგა. ამჯერად განსხვავებული დიზაინით, რომელზეც ეიფელის კოშკის ნაწილებია დატანილი.
ავტორებს არც ფრანგული რევოლუცია და დე ლა კრუას ცნობილი სცენის გაცოცხლება დავიწყებიათ. ამ წუთიდან გახსნის ცერემონია, სწორედ საფრანგეთის მთავარი დევიზის: "თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის" თემატიკით გაგრძელდა.
რევოლუციის ქალაქიდან სიყვარულის ქალაქში ვინაცვლებთ. ფრანგული ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის დემონსტრირებით საფრანგეთმა მისი ტემპერამენტიც შეგვახსენა. მალევე კი ლუვრში გადაგვიტყორცნა, სადაც პერსონაჟები ცნობილი ნახატებიდან ოლიმპიადის საყურებლად გაემართნენ. მოპარული მონა-ლიზა კი ბოლოს მინიონების ხელში აღმოჩნდა. ვნახეთ, უფლებებისთვის მებრძოლი ფრანგი ქალების ოქროს ქანდაკებებიც, რომლებიც მოგვიანებით პარიზის სხვადასხვა ქუჩაზე დაიდებენ ბინას. ეს ყველაფერი კი მარსელიოზას ახლებური და მგრძნობიარე არანჟირების თანხლებით.
ამ დღეს ფრანგებმა წვიმაც მოიხდინეს - ორგანიზატორებისთვის არც თუ სასიამოვნო ამინდი, საბოლოოდ შოუს დამატებითი ეფექტი გამოდგა, რომელმაც სცენას კიდევ უფრო მეტი ხიბლი შემატა. სენაზე მოძრავ გემში შესრულებულმა შთამბეჭდავმა ცეკვამ და ფრანგული პოდიუმის მოტივებზე შემოთავაზებულმა ევროპული თანასწორობის იდეამ შოუს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილისკენ მიგვაბყრო ყურადღება. ამღერებული დიონისეთი, რომლის სიმღერაც საყოველთაო სიყვარულისა და ძალადობის აბსურდულობის იდეას ატარებდა. სცენა ლენონის უმშვენიერესი კომპოზიციით, "Imagine-ით" გაგრძელდა, რომელიც სოლიდარობისა და მშვიდობის ნოტებით შოუს ერთ-ერთ მარგალიტად იქცა.
პირდაპირ წყალზე მორბენალი მექანიკური ცხენის ჯერ არნახულმა კადრმა და ეიფელის კოშკთან მოწყობილმა დროშების ხეივანმა უკვე გვამცნო, რომ მნიშვნელოვან ნაწილს ვუახლოვდებოდით. სწორედ აქ გადასცა იდუმალმა მეჩირაღდნემ ოლიმპიური ცეცხლი ზიდანს, ზიდანმა ნადალს, ნადალმა კი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სპორტსმენებს, რომლებმაც ცეცხლი მთავარ ადგილას კვლავ სენით მიიტანეს. ცეცხლის ანთების შთამბეჭდავ ცერემონიაში ოლიმპიურ თამაშებში აქამდე მონაწილე ყველაზე ასაკოვანმა, 100 წლის ფრანგმა ველოსიპედისტმაც მიიღო მონაწილეობა.
სანახაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ლაზერ შოუთი გაგრძელდა, რომლის მთავარი გმირიც პარიზის უცვლელი სიმბოლო, ეიფელის კოშკი იყო. შოუს ბოლო და ყველაზე ემოციური აკორდი კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამღერებული სელინ დიონი და მისი არაჩვეულებრივი შესრულება იყო. ედიტ პიაფის "სიყვარულის ჰიმნმა" ცერემონიის დასასრული განსაკუთრებული გახადა.