22 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
NGO-ები და წინასაარჩევნო კამპანია - წალენჯიხაში მიმდინარე დემოკრატიულმა ფესტივალმა მმართველი გუნდისთვის დამატებითი კითხვები გააჩინა

Demfest-ი, დემოკრატიის ფესტივალი - ეს არის ახალი ფორმატი ქართულ რეალობაში, რომელიც პოლიტიკური აქტორების ნაწილმა პოზიტიურ წამოწყებად, ნაწილმა კი შენიღბულ ხრიკად შერაცხა, რომელსაც პარტიული მიზნებისთვის იყენებენ. ფესტივალი, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართა, მოიცავდა გამოფენას, კონცერტს, დისკუსიებს და რაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან სასაუბროდ ტრიბუნას უთმობდა პოლიტიკოსებს.

"ქართულ ოცნებას" ამ ფორმატთან დაკავშირებით კატეგორიული შეფასება აქვს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები არა ფესტივალის სტუმრები, არამედ მასპინძლები არიან და ეს ყველაფერი შენიღბული წინასაარჩევნო კამპანიაა.

კრიტიკის საპასუხოდ დემოკრატიის ფესტივალის მონაწილე პოლიტიკოსებმა თავად ამ ღონისძიების ფორმატი მოიშველიეს.

ფორმატთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს ორგანიზატორებმა. "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" - ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა დანიაში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკაზე ისაუბრა.

მმართველი პარტიის ლიდერების პოზიცია უცვლელია. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ოპოზიციური პარტიების უცხოური ფულით დაფინანსების მექანიზმზე საუბრობენ და ამბობენ რომ ეს კანონის დარღვევაა.

დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიდევ სამი ღონისძიებაა დაანონსებული. "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)" მხარდაჭერით წალენჯიხის შემდეგ შეხვედრები თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

დღის ამბები