სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის უპრინციპობასა და არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე საუბრობს. ამ შემთხვევაში, მმართველი პარტია, ოპონენტების მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით შეცვლილ რიტორიკაზე ამახვილებს ყურადღებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით, წარსულში გაკეთებულ განცხადებებს უშედეგოდ უარყოფს, თუმცა, პოლიტიკური არქივი ფაქტებს ინახავს. საპარლამენტო უმრავლესობა, უკვე მეორე დღეა, ამ ფაქტებს ოპონენტებს შეახსენებს.
სავიზო რეჟიმის დაწესებას "ლელო," რუსეთთან ფრენების აღდგენის პარალელურად მოითხოვდა. დღეს პარტიაში ამბობენ, რომ პოზიციები არ შეუცვლიათ, თუმცა, 2 წლის წინ გაკეთებულ განცხადებებზე საუბარი ახლა არასერიოზული ჰგონიათ.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას "ნაციონალური მოძრაობაც" აქტიურად მოითხოვდა. გარდა ამისა, არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება ვაჭრობის აკრძალვასა და უკრაინაში, სახელმწიფოს მხრიდან მოხალისეების გაგზავნაზე. დღეს, პარტიის თავმჯდომარე შეცვლილ რიტორიკაზე დასმულ კითხვას გაურბის და ამბობს მხოლოდ იმას, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის კუთხით განვითარება უნდა განაგრძოს.
"სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ-ერთი მომხრე იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესების, თუმცა, დღეს პარტიაში საკუთარ პოზიციას უარყოფენ და მეტიც, ფიქრობენ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ყალბი რიტორიკით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა სურს, თუმცა, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ამ ტაქტიკით მათი ოპონენტები საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ და არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელისუფლებო გუნდი, ოპონენტების შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს. საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გუშინ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალური ბრიფინგიც გამართა და ოპონენტებს, წარსულში, რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთი განცხადებაც შეახსენა.