22 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
წალენჯიხაში არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერითა და ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, დემოკრატიის ფესტივალი იმართება

წალენჯიხაში დემოკრატიის ფესტივალი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი, ლევან ცუცქირიძის სახელთან დაკავშირებული ორგანიზაციაა - ცუცქირიძე აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების გადადგომას აქციების მიმდინარეობისას, ახლა კი ის "ლელოსთან" გაერთიანდა.

ფესტივალში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წევრები მონაწილეობენ. ღონისძიება "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით ტარდება. უმრავლესობის განცხადებით, დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი, წინასაარჩევნო კამპანიაში ერთობლივად არიან ჩართულები. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღება ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ფესტივალში მონაწილეობა "ქართულ ოცნებასაც" შეეძლო, თუმცა უარი განაცხადა.

"ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიის ფესტივალზე წალენჯიხაში იმისთვის, რომ ერთიანობით, წალენჯიხელებთან, სამეგრელოსთან, მთელს საქართველოსთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. დარწმუნებული ვარ და შეგიძლიათ ორგანიზატორებთანაც გადაამოწმოთ, რომ ივანიშვილის პარტიაც დაპატიჟებული იქნებოდა დემოკრატიის ფესტივალზე წალენჯიხაში, თუმცა მათ უარი განაცხადეს ისევე, როგორც ყველა სხვა ღონისძიებაზე," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მსგავსი ფესტივალები დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.

"ძალიან მარტივად იგუგლება დანიაში როგორ ხდება ფესტივალი, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია (მათ შორის, "ქართულ ოცნებასაც" შეუძლია ამის გაკეთება), აცნობს საზოგადოებას თავის სარჩევნო პროგრამებს. როდესაც "ქართულ ოცნებას" ეშინია იმ პლურალიზმის და იმ შესაძლებლობის, რომ მოსახლეობამ პროგრამებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და არა რუსული პროპაგანდის მეშვეობით მოხდეს ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება, კიდევ ერთხელ აჩვენებს დემოკრატიის გადახვევას ავტორიტარიზმის სასარგებლოდ და თავდასხმას ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები