კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით საქართველოს დაწინაურებას ოპოზიცია ეხმაურება. "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ეს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი პროპაგანდაა იმის შესახებ, რომ თითქოს, კონსტიტუციის დაცვა კარგ მდგომარეობაშია.
"როდესაც მთელი ცივილიზაციური დასავლეთი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", დაუბრუნდეს კონსტიტუციურ არჩევანს, რაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობს; როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი არამხოლოდ პრეზიდენტმა შეიტანა, არამედ საპარლამენტო ოპოზიციასაც შეგვაქვს რუსული კანონის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით კონსტიტუციასთან, ვფიქრობ, კიდევ ერთი პროპაგანდაა, რომ კონსტიტუციის დაცვა თითქოს კარგ მდგომარეობაშია," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია.
"ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ვიხილეთ არაერთხელ, მათ შორის მაშინ, როდესაც მათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიღეს რუსული კანონი, რომელიც, მათ შორის, ანტიკონსტიტუციურია, რადგან ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის კონსტიტუციაში გაწერილ ევროატლანტიკურ არჩევანს. სწორედ ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული მიზანი, რომელიც, მათ შორის, კონსტიტუციაშია გაწერილი," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.