22 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მე შევეწინააღმდეგე სააკაშვილის ინიციატივას, რომ გადაგვეცა "ჯაველინები" უკრაინისთვის, "ქართული ოცნების" მთელი ეს ნარატივი ემსახურება ოპოზიციის "გაშავებას" - თეონა აქუბარდია

ოპოზიციის წევრები რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, საკუთარ შეცვლილ რიტორიკაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამაზე აკეთებს აქცენტებს, ცდილობს ოპონენტებს ხელოვნური თემებით დაუპირისპირდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ სცემს და მისი პარტიის ამოცანებზე ისაუბრა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-თან, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო მოვაქციოთ საერთაშორისო იზოლაციაში. ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება კიდევ ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია "გააშავოს."

"პირიქით, მე შევეწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ გადაგვეცა "ჯაველინები" უკრაინისთვის.

სავაჭრო-ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა არის საფრთხე და არა, ზოგადად, ვაჭრობა და ამასთან დაკავშირებით და "ქართული ოცნების" მთელი ეს ნარატივი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ოპოზიციის "გაშავებას." ეს კიდევ ერთი მცდელობაა ძალაუფლების შენარჩუნების," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციის წევრები, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთისათვის სანქციების დაწესებას, პირდაპირი ფრენების შეწყვეტას და რუსი ტურისტებისთვის საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ, დღეს ოკუპანტ ქვეყანასთან პრაგმატულ მიდგომას ირჩევენ და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სარგებელზე საუბრობენ.

დღის ამბები