მყვინთავთა ჯგუფმა, შვედეთის სანაპიროსთან, მე-19 საუკუნეში ჩაძირული გემი აღმოაჩინა, რომელიც ისტორიული არტეფაქტებით იყო სავსე, მათ შორის იპოვეს 100 ბოთლი შამპანური. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
გემის ნარჩენები ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით აღმოაჩინეს. აღმოჩენა პოლონელი ტექნიკური მყვინთავების ჯგუფ Baltictech-ის წევრებს ეკუთვნის.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ მე-19 საუკუნის აფრიანი გემი, რომელიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია და დატვირთულია შამპანურით, ღვინით, მინერალური წყლით და ფაიფურით“, - განაცხადა Baltictech-ის მყვინთავმა ტომას სტაჰურამ.
მისივე განმარტებით, მყვინთავებს აღმოჩენილი შამპანურის ბოთლების ზუსტი რაოდენობის დადგენა გაუჭირდათ, თუმცა ზუსტად იციან, რომ იქ 100 ბოთლზე მეტია. ამასთან, მყვინთავებმა მინერალური წყალიც აღმოაჩინეს, რომელიც თიხის ჭურჭელშია ჩასხმული.