სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილმა კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტს" მრავალპუნქტიანი ულტიმატუმი წარუდგინა. უკვე 4 თვეზე მეტია, მათ კოროხნალის მაღარო სრულად პარალიზებული აქვთ და 700-ზე მეტ თანამშრომელს მუშაობის განახლების შესაძლებლობას არ აძლევენ. მადნის მოპოვების პროცესში, კერძო საკუთრების დაზიანებისთვის კომპენსაციების გადახდა და მუშაობის საერთოდ გაჩერება - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომელსაც აქციის მონაწილეები კომპანიას უყენებენ.
პროტესტის ორგანიზატორებს "კურიერის" კითხვებზე დეტალური პასუხების გაცემა არ სურთ. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ კომპენსაციები არ მიუღია, ნაწილი კი ამბობს, რომ მხოლოდ მიზერული თანხა ჩაერიცხა.
აქციის ორგანიზატორების პოზიციას ეწინააღმდეგება მათ მიერვე ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტები. ირკვევა, რომ კომპენსაციები სრულად არის გაცემული იმ ადგილობრივებზე, რომლებიც დღეს მაღაროს ბლოკირებას ხელმძღვანელობენ. მათ ათი ათასობით ლარი რამდენიმე ეტაპად ჩაერიცხათ.
მაღაროების მუშაობის პარალიზებამ სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ორად გაყო. ადგილობრივების უმეტესობა მუშაობის განახლებას ემხრობა. მათი თქმით, სამუშაო პროცესის აღდგენაზეა დამოკიდებული, გეგმის მიხედვით, კომპენსაციების ყველა ოჯახზე გაცემა.
ჭიათურაში, მადნის მოპოვებაზე პასუხისმგებელია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი", რომელმაც საწარმოების მართვა, 2023 წელს, მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ფინანსური კრიზისის შემდეგ გადაიბარა. კომპანია მზად არის, განაახლოს კომპენსაციების გაცემა, თუ აქციის მონაწილეები სამუშაო პროცესის ბლოკირებას აღარ მოახდენენ.
2020 წლიდან დღემდე, კომპანიამ, კომპენსაციის სახით, 12 მილიონ ლარზე მეტი გასცა. პროცესი დადგენილი გრაფიკით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მცირე ნაწილმა მაღაროები 12 მარტს გადაკეტა და გათიშა ცენტრალური განიავების სისტემა. უკვე 4 თვეზე მეტია, ვერ ხერხდება მაღაროების გადამაგრება, რამაც შესაძლოა, ადგილზე მიწის მასები ჩამოქცევა გამოიწვიოს.