სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების შეცვლილ რიტორიკას მოახლოებულ არჩევნებსა და "ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს უკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, რუსეთთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციები მხოლოდ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მოტივით შეცვალა. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას კონკრეტული განცხადებებიც შეახსენა და თქვა, რომ ამ პოლიტიკოსებმა მშვიდობაზე საუბარი უცხოელი კურატორების რჩევის შემდეგ დაიწყეს.
"ახალის" ლიდერი წარსულში გაკეთებულ განცხადებას დღეს სხვაგვარად ხსნის. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი პოზიცია ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების შეწყვეტას არ გულისხმობდა. "ახალის" თანადამფუძნებელი, დღეს, ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო თანამშრომლობას აღარ გამორიცხავს.
გიორგი ვაშაძე, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მომხრე იყო, დღეს ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზეც კი საუბრობს. მეტიც - ამბობს, რომ ეს მისი მიზანია.
"ლელო", რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად, სხვა შეზღუდვების ამოქმედებასაც ითხოვდა. რეგულაციები, დეტალურად, საქართველოს დაცვის აქტში აქვთ გაწერილი, რომელიც პარტიამ პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს დააინიციირა.
სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის უპრინციპო და არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე საუბრობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების შეცვლილი რიტორიკა, საარჩევნოდ, მათთვის შედეგის მომტანი მაინც ვერ იქნება.
კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ოპოზიციასთან ერთად, პარტნიორებისგანაც ისმოდა.
დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სანქციების დაწესების შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე, პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიები არ მიუღია. შალვა პაპუაშვილმა განმარტა ისიც, თუ რა ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგებოდა ქვეყანა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში. საკითხს, დღეს, პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა და ოპონენტებს უთხრა, რომ, შეცვლილი რიტორიკით, საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ, რუსეთთან მიმართებით, საკუთარი პოზიცია შეცვალა, "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადება გაახსენა.