22 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
პროკურატურამ "მთავარი არხის" ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით ჟურნალისტისგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ. ბრალდებულებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები