22 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ეროვნული გამოცდები დასრულდა - როდის გამოქვეყნდება შედეგები

2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 26 ივლისს დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი - 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც დამხმარე მასალის სარგებლობის მცდელობის გამო.

"წლევანდელმა გამოცდებმა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ორგანიზებაში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. გამოსაცდელი მიღებული ქულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებს ვებგვერდზე: online.naec.ge.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო აბიტურიენტებს, რომ მათ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. ამიტომ მინდა ვთხოვო მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედონ საკუთარ არჩევანს და, სურვილის შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილება პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებები შენახვის ღილაკის გამოყენებით დაიმახსოვრონ,“ - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.

საქართველოს მასშტაბით 2024 წელს გახსნილი იყო სულ 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

დღის ამბები