22 ნოემბერი 2024,   10:05
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და შეთქმულების საქმე - თბილისსა და ბათუმში მოწმეების გამოკითხვები მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები, ერთმანეთის პარალელურად, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს.

თბილისში, ცოტა ხნის წინ, გამოიკითხა მოქალაქე ზვიად აჭიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა კიდევ ერთმა მოწმემ - რამაზ ქავთარაშვილმა, რომელიც, უკვე ერთი საათია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება.

გამოძიებას მათთან კითხვები აქვს, ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების საქმის ფარგლებში.

სუს-ის აჭარის სამმართველოში, ამ წუთებში, იმყოფება უკრაინაში მებრძოლი ავთანდილ სურმანიძე.

"პოლიტიკურ პირებთან შეხება არასდროს მქონია. მე ვიყავი საბრძოლო ვითარებებში და მქონდა მეთაურებთან უშუალო კონტაქტი. ქართველი პოლიტიკოსებიდან, ვისთანაც მაქვს მეგობრული ურთიერთობა, იყვნენ ჩემთან მოსულები ლევან ვაშალომიძე, გუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, კობა ხაბაზი, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში მაკავშირებდა. ისინი მოვიდნენ უკრაინაში, საავადმყოფოში. ასევე, გიორგი ვაშაძე იყო ჩამოსული ორჯერ და გაიცნო იქ დაჭრილი სამხედროები," - აცხადებს ავთანდილ სურამანიძე.

"კურიერის" ინფორმაციით, დღის ბოლომდე, სუს-ში კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოიკითხება.

 
დღის ამბები