22 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და საიდუმლო სამსახურის მარცხი - რესპუბლიკელები და დემოკრატები კიმბერლი ჩიტლის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მარცხი, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. კიმბერლი ჩიტლიმ კონგრესში მწვავე კრიტიკის მიღებიდან მეორე დღეს პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მწვავე იყო შეკითხვები კონგრესში. "უუნარო და არაკომპეტენტური" - ასე შეაფასეს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის დღეს, საიდუმლო სამსახურის დირექტორის მუშაობა ამერიკელმა კანონმდებლებმა. კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ საიდუმლო სამსახურის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ქაოსური დაგეგმვა გახდა. საიდუმლო სამსახურის დირექტორი პასუხისმგებლობას არ გაურბის. კიმბერლი ჩიტლმა კონგრესში მოსმენაზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მისი უწყების ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხია.

4-საათიანი მოსმენის განმავლობაში ამერიკელი კანონმდებლებისთვის საიდუმლო სამსახურის დირექტორის არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა. კიმბერლი ჩიტლმა კონგრესმენების წინაშე აღიარა, რომ სროლამდე საეჭვო პირზე რამდენჯერმე გააფრთხილეს. მან თქვა, რომ შენობის სახურავი, რომლიდანაც ტრამპს ესროლეს, ღონისძიების წინა დღეებში პოტენციური საფრთხის წყაროდ იყო შეფასებული.

კითხვები დაისვა, თუ როგორ ვერ შეძლო სნაიპერმა დროულად თავდამსხმელის განეიტრალება, რაზეც ჩიტლიმ თქვა, რომ ეჭვმიტანილის ლიკვიდაციისთვის არ იყო საკმარისი დრო, თუმცა პრესა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სნაიპერს თავდამსხმელის გასანეიტრალებლად 20-დან 30 წამამდე ჰქონდა. კონგრესმენებმა კითხეს საიდუმლო სამსახურის დირექტორს, თუ რატომ არ შეწყვიტა ღონისძიება და რატომ მისცეს პრეზიდენტ ტრამპს სიტყვით გამოსვლის საშუალება, როდესაც არსებობდა საფრთხეზე ინფორმაცია. კიმბერლი ჩიტლიმ შეკითხვების ნაწილს თავი აარიდა.

კონგრესმენებმა მოსმენაზე დირექტორის გადადგომა მოითხოვეს. მათი შეფასებით, ჩიტლი ვერ გაუმკლავდა პრეზიდენტობის კანდიდატის დაცვის ვალდებულებას. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა კომიტეტმა ერთ საკითხზე ორპარტიულ თანხმობას მიაღწია. 

დღის ამბები