22 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ტერორისტული აქტის მზადება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - რა არის ცნობილი ამ ეტაპზე ტერორიზმის და შეთქმულების საქმეზე

ტერორისტული აქტის სამიზნე, ბიძინა ივანიშვილი - საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსული, უკრაინაში მებრძოლი გელა კახაბრიშვილი ადასტურებს, რომ გამოძიების შეკითხვები პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.

ინფორმაცია, რომელიც გელა კახაბრიშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გაავრცელა, მოგვიანებით მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ძირითადი კითხვები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეს და ტერორისტული აქტით ხელისუფლების დამხობის გეგმას ეხებოდა.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე კითხვებს, სასამართლოში დღეს კიდევ ერთმა მოწმემ უპასუხა. ვაჟა ცეცაძე საქალაქო სასამართლოში დღის 15:00 საათზე მივიდა და მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

ტერორისტული აქტის მომზადების გეგმაზე საუბარი არ სურთ იმ მოწმეებს, რომლებიც მაგისტრანტ მოსამართლესთან უკვე დაიკითხნენ. "კურიერი" ერთ-ერთ მათგანს, ნადიმ ხმალაძეს დაუკავშირდა.

ვინ იყო ტერორისტული აქტის სამიზნე - რამდენიმე დღის განმავლობაში ადვოკატები და გამოკითხული პირები არ აკონკრეტებდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობდა. მხოლოდ მედიის შეკითხვების და მცდელობის შედეგად, დღეს საჯაროდ დაადასტურეს, რომ გამოძიება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე მუშაობს.

რამდენიმე დღის განმავლობაში არ ასაჯაროებდნენ არც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ზუსტ ფორმულირებას და ირწმუნებოდნენ, რომ გამოძიება 315-ე, შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს.

ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას კიდევ რამდენიმე მოწმე მისცემს, მათ შორისაა კონსტანტინე ჯღამაია.

ტერორიზმის და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმე გრიფირებულია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს.

 

 

დღის ამბები