მმართველი გუნდის ლიდერებს არ უკვირთ, რომ გარკვეული ძალებისთვის ტერორისტული აქტის სამიზნე, შესაძლოა, სწორედ ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო. საუბარია ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, რომელსაც სუსი იძიებს. გამოძიების ფარგლებში, უკვე 6 დღეა უკრაინაში მებრძოლი ქართველები იკითხებიან. ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა დღეს დაადასტურა, რომ საქმეში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის სავარაუდო მკვლელობის დაგეგმვაზეცაა საუბარი. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს ფაქტი ოპონენტების დესტრუქციული მიზნების მორიგი მტკიცებულებაა. მათი თქმით, ოპოზიცია საკუთარმა დუმილმა გასცა.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის დაგეგმვაზე საუბარი, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მმართველი ძალის მხრიდან ხელისუფლების დაკარგვის შიშით გამოწვეული რეფლექსია. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოქტომბრის არჩევნებში მსგავს პრაქტიკას სწორედ ისინი დაასრულებენ.
ტერორიზმთან დაკავშირებით გამოძიებას აბსურდულს უწოდებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. პოლიტიკოსების აზრით, უსაფრთხოების სამსახური წლებია მსგავს საქმეებს იძიებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ეს ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
ოპოზიციის მხრიდან თემის გაუბრალოების მცდელობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის დამატებით კითხვებს აჩენს. კანონმდებლების თქმით, ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი გაბანკროტებულია და, შესაბამისად, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს, რაც, მმართველი გუნდის წევრების აზრით, მიზნის მისაღწევად მათი მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებსაც არ გამორიცხავს. პოლიტიკოსებს ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მოკვლევას განაგრძობს. ვინ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტს და ვინ დგას სავარაუდო გადატრიალების საქმის უკან - ამ კითხვებზე პასუხი ცნობილი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება.