საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა, პოლიტიკური განხილვების თემაა.
ოპოზიცია სასამართლო "კლანის" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფაქტია სწორედ იმის დადასტურება, რომ სასამართლო სისტემაში მსგავსი გავლენის ჯგუფი არსებობს.
"ეს არის ნათელი მაგალითი, როდესაც გავლენის ჯგუფი, "კლანის" სახელით ცნობილი მანკიერი და მახინჯი სასამართლო სისტემა, თავის თავს იცავს. სასამართლო იცავს სასამართლოს - ეს არის ჩაკეტილი წრე, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ," - აცხადებს "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება შეაჩერა არა სასამართლომ, არამედ - სასამართლო კლანმა.
"პრეზიდენტის დისკრეციული, ექსკლუზიური უფლებამოსილების შეჩერება არა სასამართლოს, არამედ სასამართლოს კლანის მიერ, უპრეცედენტოა, პრაქტიკაც არ იქნება ასეთი. ეს ნიშნავს, რომ კლანიც არსებობს, რეალურია და "მაფიის ღამეც" ჩაატარეს. გუშინ კონკრეტულმა მოსამართლემ დანიშნულ ადამიანს პირდაპირ უთხრა, შენ არ ხარ დანიშნულიო," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.