22 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
ჩაერთნენ თუ არა ღიად არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში? - რა საკითხებზე მსჯელობდნენ აჭარაში NGO სექტორის წარმომადგენლები "ლელოს" წევრთან ერთად და რა შეფასებები ისმის მმართველ გუნდში

აჭარის რეგიონში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეგიდით, გამართული შეხვედრა, პრემიერ-მინისტრისთვის, მესამე სექტორის პოლიტიზებულების მორიგი, უტყუარი მტკიცებულებაა. საუბარია ბათუმში მოწყობილ პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც, არასამთავრობოებთან ერთად, ყოფილი სახალხო დამცველი და პარტია "ლელოს" წარმომადგენელიც ესწრებოდნენ, მთავარი განსახილველი თემა კი გამჭვირვალობის კანონი, არჩევნები და ხელისუფლების ცვლილების გზები იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის წაშლილი ზღვარი, ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ე.წ. შავი ფული ტრიალებს, რაც, კანონის ამოქმედების შემდეგ, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება.

ბათუმური შეხვედრის მონაწილეთაგან დღეს მედიასთან კომუნიკაცია არავინ ისურვა, საკუთარი თანაგუნდელისა პოზიციები კი "ლელოში" დაიცვეს. პარტიაში არ უარყოფენ, რომ გიორგი უშიკიშვილმა, ამ ფორმით, წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ამბობენ იმასაც, რომ, საზოგადოებისთვის პოლიტიკურად ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთობლივ წინასაარჩევნო შეხვედრებს არაერთგვაროვნად აღიქვამენ ხელისუფლების ოპონენტები. პოლიტიკოსების ნაწილი მსგავს აქტივობებს მესამე სექტორის არსებობისთვის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ახლა ღიად პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.

ოპონენტების აღიარება საპარლამენტო უმრავლესობისთვის იმის უტყუარი დასტურია, რომ დონორების მიერ გამოყოფილი ტრანშები ქვეყანაში არამიზნობრივად იხარჯება. კანონმდებლების თქმით, მილიონობით ლარი, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ნაცვლად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ხმარდება, მიზანი ერთია - ნებისმიერი გზით, ხელისუფლების ხელში ჩაგდება. სახელისუფლებო გუნდი, მსგავსი ქმედებების მიღმა, არჩევნების პროცესში უხეში ჩარევის მცდელობას ხედავს.

საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე, პარტიების დიდმა ნაწილმა წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო. პარალელურად, საქართველოს რეგიონებში, ოპოზიციასთან ერთად, ელექტორატთან შეხვედრებს მესამე სექტორის წევრებიც მართავენ.

 

დღის ამბები