22 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობასთან" შეერთების შემდეგ, გიორგი ვაშაძე გაერთიანებისკენ "ლელოს" და გიორგი გახარიას პარტიას მოუწოდებს

"ნაციონალურ მოძრაობასთან" შეერთების შემდეგ, გიორგი ვაშაძე გაერთიანებისკენ "ლელოს" და გიორგი გახარიას პარტიას მოუწოდებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მიიჩნევს, რომ, საერთო საქმისთვის, ოპოზიციურ ფლანგზე ამ ორი პარტიის შერწყმა მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება და დაპირისპირებამ ერთიანობის იდეაზე არ უნდა გაიმარჯვოს.

მოწოდებას მოწოდებით უპასუხეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს საკუთარ ელექტორალურ და პარტიული რესურსზე ზრუნვა ურჩიეს. გახარიას გეგმა, ამ ეტაპზე, "ლელოსთან" ერთობა არ არის, თუმცა ყოფილი პრემიერის გუნდი არ მალავს, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიასთან დაკავშირებით დასახული გეგმის შესრულებითაც კმაყოფილი არიან.

"ლელოში" გაერთიანებას მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან თუ ინდივიდებთან განიხილავენ, რომლებთანაც, სულ მცირე, პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით, კითხვები არ ექნებათ. ამ კრიტერიუმს კი, მათივე თქმით, ყოფილი პრემიერი ვერ აკმაყოფილებს. "ლელოში" ამბობენ, რომ გახარიას ხაზარაძის 4 შეკითხვიდან მინიმუმ 3-ზე პასუხი აქვს გასაცემი.

პოლიტიკური ძალების გამსხვილებას დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებში მიესალმებიან, თუმცა მათ ნაწილს პარტნიორებზე არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, ან დამოუკიდებლად ბრძოლისთვის ემზადება.

"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რატომ ცდილობს ოპოზიციის ნაწილი, რამდენიმე გაერთიანება შეიქმნას. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ 5-პროცენტიანი ნიშნულის გადალახვა ოპოზიციისთვის პრობლემაა და, ერთმანეთთან შერწყმით, ბარიერის გადალახვის შანსს იზრდიან.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი. სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბდნენ პარტიები, რა კონფიგურაციებს შესთავაზებენ ამომრჩეველს.

დღის ამბები