საფრანგეთის ხელისუფლებას, ოლიმპიადის წინ, ათასობით უსახლკარო მიგრანტი პარიზიდან გაჰყავს. მიგრანტების განცხადებით, ხელისუფლება მათ სხვა საცხოვრებელ ადგილს დაჰპირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინი სრულიად უცხო გარემოში მოხვდნენ, ან ქვეყნიდან დეპორტაცია მიიღეს.
ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა ქვეყნის სიდიადეს უნდა გაუსვას ხაზი.
გამოცემის ინფორმაციით, პარიზის ოლიმპიური სოფელი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ გარეუბანში აშენდა, სადაც ათასობით უსახლკარო მიგრანტი ქუჩაში ან მიტოვებულ შენობებში ცხოვრობს.
ხელისუფლების მაღალჩინოსნის, კრისტოფ ნოელ დუ პეირის თქმით, გასული წლის განმავლობაში, პოლიციამ და სასამართლოებმა ქალაქიდან დაახლოებით 5000 ადამიანი გამოასახლეს, რომელთა უმეტესობა მარტოხელა მამაკაცია.
”ჩვენ ოლიმპიადის გამო გაგვაძევეს,” - განაცხადა მუჰამედ იბრაჰიმ ჩადიდამ, რომელიც ოლიმპიური სოფლის მახლობლად მდებარე, მიტოვებული ცემენტის ქარხნიდან გამოასახლეს.