40 გოლი 30 თამაშში - ეს 1996 წლის საუკეთესო შედეგია, ავტორი კი ზვიად ენდელაძეა - თავდამსხმელი, რომელიც "ოქროს ბუცის" პირველი ქართველი მფლობელი გახდა, თუმცა მისი ისტორია განსხვავებულია. ყველა ფეხბურთელის საოცნებო სიაში ენდელაძის გვარი, ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით 1996 წელს ჩაიწერა, მაგრამ ამის შესახებ მან მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიგო, თანაც მხოლოდ სიტყვით, რადგან იმ წელს გადაცემის ცერემონია არ ჩატარებულა.
წლებმა ზვიად ენდელაძის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, დროის ქარტეხილებს კი უცვლელად ერთმა - ფეხბურთის სიყვარულმა გაუძლო, ამიტომ ახლა, კარიერის დასრულებიდან 18 წლის შემდეგ, მომავალ თაობას ასწავლის, თუ როგორ გახდნენ ნამდვილი ფეხბურთელები.
გოლის გატანა, როგორც ზვიად ენდელაძე ჰყვება, ყველაზე რთულია, შრომასთან ერთად აქ იღბალიც გადამწყვეტია. ბევრი იშრომა, რომ საუკეთესო გამხდარიყო, ყველაფერს კი ერთი რამის სიყვარულით აკეთებდა.
რაც შეეხება გოლების გატანის დიდოსტატს, გიორგი მიქაუტაძე გაჩერებას არ აპირებს, ეს ევროპამ ნახა და აღიარა. გიორგი მიქაუტაძე "ევრო 2024-ის" საუკეთესო ბომბარდირებს შორისაა.
გოლების გატანას ბავშვობიდან ცდილობდა, თავიდანვე იცოდა რა იყო მისი მთავარი მიზანი - გამხდარიყო საუკეთესო. ბავშვობის ოცნებები რეალობად აქცია, გახდა საუკეთესო, თუმცა გზა ბომბარდირობამდე რთული იყო. იყო იმედგაცრუებაც, როცა 15 წლის ასაკში საყვარელი გუნდიდან "ლიონიდან" გამოუშვეს, მაშინ წამიერად ფეხბურთისთვის თავის დანებებაც გაიფიქრა.
იმედგაცრუებამ მოტივაცია მისცა, შრომამ კი შედეგიც არ დააყოვნა და გიორგი მიქაუტაძე წლების შემდეგ სახლში - "ლიონში" დაბრუნდა. იმ გუნდმა, საიდანაც ის 15 წლის ასაკში გამოუშვეს, მის ტრანსფერში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა და სახლში დაბრუნებულ გოლებზე შეყვარებულ ბიჭს შესაფერისად დახვდა.
"ოქროს ბუცი" 1967-1968 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა UEFA-ს წევრი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს. მისი პირველი მფლობელი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ეუსებიო გახდა. "ოქროს ბუცი" ყველაზე მეტჯერ - 6-ჯერ აქვს მოგებული ლიონელ მესის, 4-ჯერ კი კრიშტიანუ რონალდუს.
ავტორი: ნანა გოგატაძე