22 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
გლობალური IT კოლაფსის გამო, "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნებას 24 საათზე მეტია უშედეგოდ ცდილობს - ბოლო ინფორმაცია "ჰითროუს" აეროპორტიდან

48-საათიანი ქაოსი მსოფლიოში - აეროპორტები, ბანკები, საავადმყოფოები, მედიასაშუალებები, რკინიგზა - ბოლო 2 დღეში, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით კომპანია დაზარალდა. გლობალური IT შეფერხების გამო, პრობლემები მილიონობით ადამიანს შეექმნა.

საავადმყოფოებს ოპერაციების გადადებაც კი მოუწიათ – შეუძლებელი გახდა პაციენტთა ჩანაწერებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მოძიება. გლობალური პრობლემა შეეხო საქართველოსაც. რამდენიმე საათით ქუთაისის აეროპორტი შეფერხებით მუშაობდა. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კიბერ-შეფერხებაა.

გლობალური შეფერხების მიზეზი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანიაა, რომლის სისტემის განახლების გამო, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით კომპიუტერი გაჩერდა. პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, რის გამოც ამ წუთებშიც ზოგიერთი აეროპორტი შეფერხებით მუშაობს.

ამ დრომდე პრობლემებია ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, სადაც იმყოფება "კურიერის" ჟურნალისტი და წამყვანი ანუკა ბუავა ოპერატორთან ერთად. "კურიერის" გადამღები ჯგუფი მგზავრებთან ერთად უკვე 24 საათზე მეტია საქართველოში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

როგორც ანუკა ბუავა ადგილიდან იუწყება, მათი ფრენის გაუქმების შემდეგ, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. მათ თავდაპირველად აეროპორტში განუმარტეს, რომ მოხდებოდა სხვა რეისზე დაჯავშნა ან ბილეთის გადაცვლა, თუმცა ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" მათთვის ჯერ ინფორმაცია არ მიუწოდებია. მათი ცხელი ხაზი გადატვირთულია. როგორც "კურიერის" კორესპონდენტმა გაარკვია, ჰითროუს აეროპორტში გუშინ მხოლოდ "ლუფთჰანზამ" 4 რეისი გააუქმა, საერთო ჯამში კი, ლონდონის მასშტაბით, 73 რეისი გაუქმდა.

ამ დროისთვის, სამუშაო ვიზიტით მყოფი "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი სასტუმროში იმყოფება და სამშობლოში დაბრუნებას ელოდება.

დღის ამბები