22 ნოემბერი 2024,   10:03
ვრცლად
რომელია საქართველოში ყველაზე სახიფათო საწვავი და როგორ ამოვიცნოთ ის

თბილისი, გადატვირთული მოძრაობა, დედაქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი,სადაც თავს იყრის ძველი თუ ახალი, სხვადასხვა მარკის და წარმოების მანქანა. ზოგი ბენზინის, ზოგი დიზელის, ზოგი ჰიბრიდული და ზოგიც ელექტროძრავზე, დავის საგანია, რომლის გამონაბოლქვი აყენებს გარემოს უფრო მეტს ზიანს. მყარ არგუმენტად გამოიყენება კვლევები, რომლის თანახმადაც დღეის მდგომარეობით საქართველოში ყველაზე სახიფათო საწვავი დიზელია!

გასული წლის მონაცემებით, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული 80 ნიმუშიდან საშიში ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია  28-ში გამოვლინდა.

მიმდინარე წელს კი შემოწმდა მხოლოდ 4 ნიმუში, საიდანაც გოგირდის დიოქსიდის დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა 3-ში. SO2-ის გარდა აღნიშნულ ნიმუშებში დაფიქსირდა აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობაც.

საქართველოში უკვე მოქმედებს ევრო 5-ის წესი, რაც გულისხმობს, ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტს, თუმცა ქვეყანაში შემოსული ნავთობი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ძირითადად მხოლოდ დოკუმენტურ დონეზე მოწმდება. ევრო 5-ის სტანდარტის დარღვევას კი უკვე რეალიზაციაში ჩაშვებული საწვავის ლაბორატორიული კვლევების შედეგები წარმოაჩენს.

საქართველოში საწვავად დიზელის მოხმარების მაჩვენებელი ბენზინის მაჩვენებელს არ ჩამოუვარდება და ხშირად პირიქით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, ქვეყანაში დიზელის უფრო დიდი რაოდენობა შემოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დიდია მასზე მოთხოვნაც და გამოყენებაც, შესაბამისად, უხარისხო საწვავის გამოყენების შემთხვევაში, მისი ნეგატიური გავლენაც.
როგორ ამოვიცნოთ უხარისხო საწვავი - საზომად ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საეჭვოდ დაბალ ფასს ასახელებენ.

გოგირდის დიოქსიდით დაბინძურებული დიზელი ყველაზე მნიშვნელოვან ზიანს სწორედ მოსახლეობას აყენებს. ქიმიური ფორმულა SO2 მძიმე ტოქსიკური და ფეთქებადი ნარევია, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია.

უხარისხო დიზელისგან წარმოქმნილი ზიანის რისკი საკმაოდ მაღალია. პრევენცია კი მომხმარებლის მიერ გამოჩენილი სიფრთხილე და საწვავის ხარისხის კონტროლზე, აქტიური მონიტორინგია.

დღის ამბები