წყვილი, რომელიც ატლანტის ოკეანის გადაკვეთას ცდილობდა, ექვსი კვირის შემდეგ, სამაშველო, გასაბერ ნავზე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ბრიტანელი ქალი სარა პაკვუდი და მისი კანადელი ქმარი ბრეტ კლიბერი 18 ივნისს დაიკარგნენ. გაუჩინარებამდე 1 კვირით ადრე, მათ ხმელეთი ახალი, 13 მეტრიანი იახტით დატოვეს და აზორის კუნძულებისკენ მიემართებოდნენ. როგორც ირკვევა, წყვილს 21-დღიანი მოგზაურობა ჰქონდა დაგეგმილი. ამ ეტაპისთვის, გაურკვეველია, რა ვითარებაში დაიღუპა ცოლ-ქმარი.
როგორც საგამოძიებო უწყებები იუწყებიან, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიით, რომელზეც კანადური მედია წერს, არის ის, რომ იახტას შესაძლოა დაეჯახა გამვლელი სატვირთო გემი, რომელმაც ვერ შეამჩნია შეჯახება. მათივე ცნობით, კანადის სანაპირო დაცვას და სამხედრო თვითმფრინავებს ნამსხვრევები ან ნავის რაიმე ნიშანი არ დაუფიქსირებიათ.
YouTube არხ Theros Adventures-ზე ვრცელდება ვიდეო, სადაც წყვილი საკუთარ მოგზაურობაზე და იმ პრინციპებზე საუბრობდა, რასაც მოგზაურობა ეყრდნობოდა - მოგზაურობა სახელწოდებით - "მწვანე ოდისეა." წყვილი ვიდეოში ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს აჩვენონ, შესაძლებელია მოგზაურობა წიაღისეული საწვავის დაწვის გარეშე.