წინასწარი პატიმრობა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
სამართალდამცველი რამდენიმე დღის წინ, გამთენიისას ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო დააკავეს. მას საგზაო წესების დარღვევაში ედება ბრალი, რამაც 19 წლის ბაიკერის, რევი დემეტრაშვილის დაღუპვა გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის წინადადება დააკმაყოფილა და პატრულის თანამშრომელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბაიკერი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მოტოციკლს, ის არ დაემორჩილა გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნას და მოძრაობა განაგრძო. საპატრულო ეკიპაჟი კი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც ბაიკერი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოთხიდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს შედგება.